ლიბერალის რედაქტორის ვარაუდით, “მედიამ პრემიერის სიტყვები განზრახ დაამახინჯა”

“ლიბერალის” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი ვარაუდობს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა პრემიერ-მინისტრის განცხადება განზრახ დაამახინჯა.
სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტით ახსნა მან ტელეკომპანიის მიერ ეთერში გაშვებული მასალა, რომელიც მთავრობის სხდომაზე პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახავდა.
“ნებისმიერ ხელისუფლებას, რათა ის არ იქცეს მონსტრად, სჭირდება მედია, რომელსაც ის კრიტიკის ქარცეცხლში ეყოლება.
მაგრამ როდესაც კრიტიკა გარდაიქმნება მანიპულაციად, აზრის დამახინჯებად და მიზანმიმართულ ტყუილად, ამით მედია, ერთი მხრივ, სცოდავს ეთიკის წინაშე, მეორე მხრივ კი, აზრს უკარგავს, აუფასურებს ნამდვილ, საქმიან, სიღრმისეულ კრიტიკას. კლასიკური მაგალითი: პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ამბობს:”ჩვენი გეგმის თითოეული ნაბიჯი ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული, რათა მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება… და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი”.
“რუსთავი 2” აკეთებს სიუჟეტს და სათაურად არქმევს, რომ “პრემიერი მოსახლეობას ვალუტის კურსის დავიწყებას ურჩევს”. და ვიდეოსინქრონსაც კი ჭრის, სადაც პრემიერის ფრაზის მხოლოდ ბოლო ნაწილი – “ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი”-ისმის.
ცალსახაა, რომ ფრაზის ამგვარი ამოჩეხვა, ლარის მასშტაბური გაუფასურების კონტექსტში, მეტისმეტად ცინიკურად წარმოაჩენს პრემიერს, რომელიც, სინამდვილეში, ხალხმა კურსი უნდა დაივიწყოსო კი არ ამბობს, არამედ ისეთ ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ამის შედეგად დაივიწყოსო.
ცალკე საკითხია, რა ნაბიჯები გადაიდგმება და ან გადაიდგმება თუ არა საერთოდ. ამ შემთხვევაში, აქცენტი მაქვს მედიაზე, რომელმაც დაამახინჯა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ განზრახ. იმიტომ, რომ რთულია ვერ გაარჩიო განსხვავება სრულ და დაჩეხილ ფრაზებს შორის”,- წერს სოციალურ ქსელში ზურა ვარდიაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილმა ვალუტის კურსთან დაკავშირებით, განცხადება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა.
“თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, იქითკენ არის მიმართული, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორი განვითარების პროცესი შევქმნათ, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები