რუსეთის ლიდერის ვიზიტი იაპონიაში აშშ-ში 2017 წლის ძირითადი საფრთხეების დეკლარირების ფონზე – ჩვენ რისთვის ვემზადებით?

გუშინ ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ აშშ-ის 2017 წლის ძირითადი საფრთხეების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების გამოკითხვის შედეგადაა შედგენილი. ანგარიშში რუსეთ-დასავლეთის შესაძლო სამხედრო კონფლიქტი 2017 წლის მთავარ საფრთხედაა მიჩნეული.

საფრთხეების განხილვას დავუბრუნდებით. მანამდე, ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტის იაპონიაში დაწყებული ვიზიტი მიმოვიხილოთ.
putini3

აღსანიშნავია, რომ 11 წლის მანძილზე ვ.პუტინი პირველად ჩადის იაპონიაში, რომელსაც წინ უძღოდა იაპონიის პრემიერი სინძო აბეს მრავალი ვიზიტი რუსეთში, მეგობრული ჟესტები და ორჯერ მიწვევის გაჟღერება.

აღნიშნული ვიზიტის მოსამზადებლად ერთი თვის წინ რუსეთში იმყოფებოდა იაპონიის მინისტრი რუსეთის საკითხებში ხიროსიგე სეკო. ვიზიტის დროს მან მნიშვნელოვანი პროექტების განხროციელება დააანონსა.

ეკონომიკური თანამშრომლობის მსხვილი პაკეტის ერთ-ერთი ნაწილია ქალაქ ვორონეჟის საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის თანამედროვე გარემოს შექმნას იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებით. ქალაქში სულ 30-ზე მეტი პროგრამა, ხოლო მთლიანად რუსეთში 7 მსხვილი პროექტი განხორციელდება.

რუსეთ-იაპონიის სამომავლო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ადრე დავწერე და მკითხველს აღარ გადავღლი.

საინტერესოა როგორ გადაწყდება რუსეთ-იაპონიის ძირითადი პრობლემის, რუსეთის მიერ ოკუპირებული კურილის კუნძულების საკითხი. ჟურნალისტის კითხვაზე ვიზიტის წინ პუტინმა უპასუხა, რომ „რუსეთს არ აქვს ტერიტორიული პრობლემები იაპონიასთან, იაპონია თვლის, რომ მას აქვს პრეტენზიები. ჩვენ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე…“

იაპონიის მხარე დიდ იმედებს ამყარებს, რომ ორი ქვეყანა შესძლებს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. ზუსტად ასეთი შეთანხმებაა ტერიტორიული პრობლემის მოგვარების ქვაკუთხედი.

საქმე იმაშია, რომ 1956 წელს საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად, სსრკ იაპონიას გადასცემს შიკოტანის და ხებომაის კუნძულებს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში.

ზუსტად სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე აკეთებს აქცენტს იაპონიის მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ეს შეიქძლება იქცეს იაპონიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძვლად (ჭკვიანი ხალხია – ა.ს.).

იმდენად ინტენსიურად და მეგობრულ ატმოსფეროში ვითარდება რუსეთ-იაპონიის ურთიერთობები, რომ რუსეთისთვის რთული იქნება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტები წამოაყენოს. თვითონ სამშვიდობო ხელშეკრულება ხომ არაფერს ითვალისწინებს მეგობრული განწყობების დეკლარირების გარდა. ხოლო ამ დოკუმენტის არსებობა კი 1956 წლის დეკლარაციის თანახმად რუსეთს კუნძულების გადაცემას ავალდებულებს.

რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში მეტი სარგებლის მიღების გარეშე. ისე, საინტერესო იქნებოდა იაპონიის შემადგენლობაში რუსული ავტონომიის ხილვა და შემდეგ თვითგამორკვევის პროცესების ინიცირება.

ხუმრობა იქეთ იყოს და საინტერესო იქნება როგორ აარიდებს თავს რუსეთი, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს, ან თუ მოაწერს, რის საფასურად? ამჯერად პუტინი და აბე შეთანხმდნენ კურილის კუნძულებზე ერთობლივი სამეურნეო საქმიანობა აწარმოონ. ვფიქრობ, უკვე ეს შეთანხმება სერიოზული გარღვევაა იაპონიის მხრიდან.

რაც შეეხება ამერიკაში გამოქვეყნებული საფრთხეების რანჟირებულ ჩამონათვალს, ის ასე გამოიყტურება:

ზემოქმედება – მაღალი, ალბათობა – ზომიერი:
– აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად ნატო-რუსეთის დაპირისპირება
– ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გამო წარმოშობილი კრიზისი
– აშშ-ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების მიტანა
– ტერორისტული შეტევები აშშ-ის ტერიტორიაზე მასობრივი მსხვერპლით

ზემოქმედება – მაღალი, ალბათობა – მაღალი:
– ავღანეთში თალიბების გაძლიერების, მთავრობის ჩამოშლის შედეგად ძალადობის და დესტაბილიზაციის ზრდა
– თურქეთსა და ქურთულ დაჯგუფებებში დაძაბულობის ზრდა როგორც თურქეთს შიგნით, ასევე მის გარეთ
– სირიაში სამოქალაქო ომის აქტივიზაცია გარე ძალების მხარდაჭერის, მათ შორის გარე სამხედრო ჩარევის შედეგად.

ის რომ რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო, აშშ-ის საფრთხეების სათავეში მოექცა, არ მიკვირს. მეორე მხარეა ჩვენ რამდენად მოვემზადეთ შესაძლო საფრთხეებისთვის.

საექსპერტო საზოგადოების საქმეა არა მხოლოდ ფაქტების კომენტირება, არამედ დროული ანალიზი, შეფასება, გაფრთხილება და რეკომენდაციების მიცემა.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ვწერ და სატელევიზიო თოქ-შოუებში ვსაუბრობ, რომ 2016 წელი მშვიდობიანი იქნება, ხოლო რას მოგვიტანს 2017 წელი არავინ იცის მეთქი.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ძველი სტატიებიდან ბმულების მითითებით:

1. რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება. 23.06.2016: „…რუსეთის არმიის ბოლო 10 წლის განვითარებას თუ ვაკვირდებით, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის არმია მომზადების ბოლო ფაზაზე გადადის. კერძოდ, ესაა სამობილიზაციო მომზადება. უკვე ორი კვირაა, გრძელდება სამობილიზაციო წვრთნები. რუსეთი გადადის საკუთარი არმიის ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომისათვის მზადების ეტაპზე…“ (http://kvira.ge/263728)
2. როგორ შევავსოთ შეიარაღებული ძალების რეზერვი? 28.04.2016: „…სახელმწიფოს სამობილიზაციო მომზადებას კომპექსურად უნდა მიდგომა. ამ სამუშაოში უნდა ჩაერთოს ყველა სახელმწიფო უწყება, მთელი სამეცნიერო პოტენციალი და საექსპერტო საზოგადოება. ექსპერიმენტების დრო არაა. არავინ იცის რას მოუტანს კავკასიას 2017 ან შემდგომი წლები“ (http://www.timer.ge/amiran-saluqvadzesavaldebulo-gatsveva-…/).
3. „…ეს გარემოება გარკვეულწილად ამცირებს რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებს. ეს პერიოდი სავარაუდოდ 2017 წლის გაზაფხულამდე გასტანს…“ „… მოკლედ შედარებით ეს მშვიდი პერიოდი სახელმწიფოს განმტკიცებისთვის, არმიის საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და ევროინტეგრაციული პროცესების გასაღრმავებლად უნდა გამოვიყენოთ“ (http://qartulisityva.ge/rasac-axla-vityvi-samshoblos-galat…/).
4. „ნახევარი წელი 10-გვერდიანი კონცეფციის მომზადება-განხილვას მოვანდომეთ. კარგია ეს პროცესი, მაგრამ პარალელურად ამ სამ წელიწადში ვინ გვიშლიდა ხალხის გაწვევას, მომზადებას და რეზერვში ჩარიცხვას? დაგველოდებიან სანამ ჩვენ ყველაფერს დავწერთ, განვიხილავთ, კარგად მოვემზადებით და მერე შემოგვიტევენ“ (http://exclusivenews.ge/post/2599)

იყო სხვა პუბლიკაციებიც, მაგრამ ვფიქრობ ეს ამონარიდებიც საკმარისია. რას ვგულისხმობდი, როცა 2017 წლის გაზაფხულს ვასახელებდი, ვფიქრობ გასაგებია, – მთელი მსოფლიო გაზაფხულიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების და შემდეგ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში იყო და ახლაც არის.

რუსეთი ამ გარდამავალ პერიოდებს ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, საკმაოდ ეფექტიანად იყენებს. ახლაც იგივე მოხდა: ყარაბაღის ირგვლივ დააფიქსირეს ერთპიროვნული ლიდერობა, გააქტიურდა ახლო აღმოსავლეთში, თურქეთთან ერთად აქტიურ თამაშს თამაშობს ევროპის წინააღმდეგ, გააქტიურდა ევროპაში და დღეს უამრავი ევროპული ლიდერი სანქციების მოხსნის ან შერბილების მოთხოვნით გამოდის, პრორუსული ძალების მოსვლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ა.შ.

2017 წლის თებერვლიდან რუსეთი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან აქტიურ მუშაობას დაიწყებს და შეეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს არსებული ახლო კავშირები აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანთან.

ამ პერიოდში ჩვენ რუსეთზე ორმაგად აქტიურები უნდა ვიყოთ და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების შესაძლო დათბობა ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

ეს ერთი მიმართულებაა, მაგრამ აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ საფრთხეებს მთელი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. „გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. 2008 წელს 2 აგვისტოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს ვუთხარი: „ომი გარდაუვალია, სახელმწიფო მზად არაა, ჯარი მზად არაა, ხალხი მზად არაა…“ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იგივე განმეორდეს და საქართველო ისევ ომში იქნას ჩათრეული, მაგრამ რამდენად გამართლებულია იმ მოლოდინების პირობებში, რაც 2017 წელს არსებობს, ასეთი მასტაბური რეორგანიზაციის განხორციელება შეიარაღებულ ძალებში?

მე რეორგანიზაციის შინაარსს ამ სტატიაში და საჯაროდ არ შევეხები, რადგან ყოველთვის ვწერ და ვსაუბრობ თვითცენზურის რეჟიმში, თუმცა გარკვეულ მინიშნებას ვაკეთებ ამ „რეორგანიზაციასთან“ მიმართებაში, თუ გვაქვს გააზრებული რას ვაკეთებთ, რამდენად სწორი დრო გვაქვს შერჩეული (ახლა ჯარს ხომ არ უნდა ვზრდიდეთ?) და ვინაა ის პირი, რომელიც პასუხს აიღებს შედეგებთან დაკავშირებით. იმ პერიოდამდე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ანგარიშშია მითითებული ერთი თვე დარჩა.
putini2

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები