რატომ აძვირებენ კერძო კომპანიები თამბაქოს და ვინ არეგულირებს ფასებს ამ სფეროში

თამბაქოს ნაწარმის ზოგიერთი სახეობა უკვე რამდენიმე კვირაა 20-დან 50 თეთრამდე გაძვირდა. სიგარეტის აქციზის გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა და თამბაქოს დისტრიბუტორი კომპანიები საკუთარ ნაწარმზე ფასებს დღითიდღე უმატებენ.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დისტრიბუტორი კომპანიები თამბაქოზე ფასებს თვითნებურად, საზოგადოებაში უარყოფითი ფონის შესაქმნელად ზრდიან. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ამ სფეროში ფასებს არავინ არეგულირებს.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 1 იანვრიდან გაიზრდება და შესაბამისად, კოლოფ სიგარეტზე აქციზური მარკა, რომელიც ამ დროისთვის 1.1 ლარი ღირს 60 თეთრით გაძვირდება.
„კვირასთან“ საუბრისას „ელიზი ჯგუფის“ დირექტორმა თემურ ნადირაშვილმა, ახალ წლამდე სიგარეტების გაძვირების მიზეზის დასახელებას თავი აარიდა და განმარტა, რომ ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა.
„ვერაფერს გეტყვით. ეს კომერციული ინფორმაციაა და კონფიდენციალურია. ახალი წლის შემდეგ რა როგორ იქნება, არ ვიცი. ვერ გეტყვით, წინასწარ. შესაძლოა, სიგარეტების მხოლოდ ნაწილი გაძვირდეს“, – აღნიშნა ნადირაშვილმა.
“კვირა“ დაინტერესდა, თუ რით არის გამოწვეული თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაძვირება. სპეციალისტები მთავრობის გადაწყვეტილებას ბიუჯეტის შევსების აუცილებლობით და თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე ზრუნვით ხსნიან.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე თამბაქოს აქციზზე საფასურის გაზრდას მიესალმება და მწეველთა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ ეფექტურ ხერხად მიიჩნევს.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, თამბაქოზე ფასების ზრდა არ მომხდარა, იმიტომ, რომ ამ ბიზნესში საკმაოდ დიდი რესურსები იყო მობილიზებული და ეს თანხები პირდაპირ მიდიოდა კონკრეტული ადამიანების ჯიბეში. გადასახადების მატება მიჩნეულია ერთ-ერთ ეფექტურ ზომად მწეველთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია. სიგარეტი თუ 80 თეთრით ან ლარითაც მოიმატებს, საშუალო შემოსავლიანი მწეველი დაფიქრდება და თავს დაანებებს. ის თანხა კი, რაც მას სიგარეტის საყიდლად სჭირდებოდა, არ დაიკარგება და უფრო ჯანსაღი მიმართულებით წავა, ანუ ბიუჯეტი ამ მხრივ დანაკლისს ვერ იგრძნობს“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვთ თამბაქოს მომხმარებლებს და სიგარეტზე ფასების მატებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით მათ უფლებებს ლახავს, რადგან გაძვირების გამო იძულებულები ხდებიან მოწევას თავი დაანებონ.
„წლებია თამბაქოს მომხმარებელი ვარ, თუმცა ძალიან ძვირდება სიგარეტი და ვეცდები თავი დავანებო. სიგარეტის ფასი იმ მასშტაბებს იძენს, რომ ჩემი ფინანსები არ ეყოფა. ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის ფასი მატულობს, ჩვენი ხელფასების მომატებაზე არავინ ფიქრობს. ასეთ სიტუაციაში იძულებული გავხდები, რომ სიგარეტს იძულების წესით თავი დავანებო. თუმცა, ჩემი უფლებები, როგორც მწეველის ძალიან ილახება. სახელმწიფოსგან მიდგომაა აღმაშფოთებელი, რომ ყველაფერს ფასს უმატებენ და ხელფასი იგივე რჩება. ჯერ მოქალაქეებისთვის ხელფასის ოდენობა გაეზარდათ და შემდეგ გაეძვირებინათ ყველაფერი. ჩემს მდგომარეობაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი აღმოჩნდება. საინტერესოა, თუ უმრავლესობამ სიგარეტის მოწევას თავი დაანება, ბიუჯეტი როგორ შეივსება. არადა, ამ ყველაფერს ხომ ბიუჯეტის შესასვსებად აკეთებენ?!“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას თამარ პაპუნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები