სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდს „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდს „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა მოაწერეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პიროვნულ და პროფესიულ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების იურიდიულ დახმარებაზე, ასევე, მსჯავრდებულთა არასრულწლოვანი შვილებისთვის სხვადასხვა სპორტულ-საგანმანათლებლო სწავლების დაფინანსებაზე, სოციალურად დაუცველ მსჯავრდებულთა სტუდენტი შვილებისთვის სწავლის დაფინანსებაზე, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებისთვის სოციალური მუშაკის მომსახურებასა და ფსიქოლოგიურ კონსულტაცია/დახმარებაზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შუწყობს ხელს.
„მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სისტემისთვის. ფონდი გვთავაზობს პროექტებს მსჯავრდებულთა ოჯახების წევრთა ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების თვალსაზრისით. ასევე, არასრულწლოვანთა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ითვალისწინებს მსჯავრდებულთა ოჯახების მცირე ბიზნესში ჩართვის მექანიზმებს“, – განაცხადა ლეილა აფციაურმა.
საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჭილაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე თანამშრომლობა მსჯავრდებულთა საჭიროებებზეა მორგებული.
„ამ მიმართულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, რადგან სეგმენტი ძალიან სენსიტიურია, სჭირდება თავისი სპეციფიური მიდგომები. ერთობლივად შევძლებთ უფრო მეტი საქმის კოორდინირებულად გაკეთებას“, – განაცხადა გიორგი ჭილაშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და პრიორიტეტია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები