პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის საკითხზე განმარტებას აკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ძირითადი აქცენტი კომისიაში ბალანსისა და გაწონასწორების საკითხზე კეთდება.

განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ავრცელებს.

„მინდა კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად განვმარტო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიასთან მიმართებაში.

კონსტიტუცია – ეს არის სახელმწიფოს უზენაესი კანონი და მთავარი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებები უნდა განხორციელდეს ფართო ჩართულობისა და კონსენსუსის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ამ რთული და მეტად ფაქიზი პროცესის სანდოობას.

პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართულ კონსტიტუციონალიზმს აქვს კონსტიტუციის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია, რისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების ამუშავებაა. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ მექანიზმების მაქსიმალური გააქტიურება იძლევა საშუალებას, შეიქმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესს არ განსაზღვრავს არც ერთი კანონი.

შესაბამისად, კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა. რაც შეეხება საერთო სახალხო განხილვებს – საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურას განსაზღვრავს 102-ე მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ამბობს:

„კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის.”

ეს არის ერთადერთი აუცილებელი იურიდიული ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას და ამუშავებას შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი.

კიდევ ერთი სიახლის შესახებ მინდა მოგახსენოთ – საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, 15 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება სტრატეგიული დისკუსია ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

პრეზიდენტის ინიციატივის მიზანია, უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს შესთავაზოს ფორმატი, რომელშიც პროფესიული განხილვების შედეგად, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები, ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში.

დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლი და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები. მსგავსი მასშტაბის და ფორმატის კონფერენცია პირველად ტარდება და სამომავლოდ კიდევ ჩატარდება. სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები