იუსტიციის სამინისტრო ვიზალიბერალიზაციისთვის ემზადება – რა სიახლეებს სთავაზობს მოქალაქეებს წულუკიანის უწყება

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.
აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება.შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ − და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს. „ჩვენს ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 11 თვეში საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო ზუსტი და სანდო საარჩევნო სია მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.
ამასთან, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებია, ინტენსიურად მუშაობს. „ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია“, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა. 4 წლის განმავლობაში პასპორტის საშეღავათო პირობებით გაცემის მიზნით აქცია უკვე მეორედ ცხადდება.
აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები