დონალდ ტრამპმა ჩინეთთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა არ გამორიცხა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი, შეერთებულმა შტატებმა ადრინდელი პოზიცია დაიცვას, რომ ტაივანი „ერთი ჩინეთის“ ნაწილია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამ განცხადებით, თეთრი სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა, მისი წინამორბედების მიერ, ბოლო 40 წლის მანძილზე ჩინეთთან დაკავშირებით შემუშავებული პოლიტიკა ეჭვქვეშ დააყენა. „მე მესმის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის, მაგრამ ვერ ვხვდები, თუ რატომ უნდა დავიცვათ ეს პოლიტიკა, თუ ჩინეთთან სხვა სახის ხელშეკრულებებს, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებებს არ გავაფორმებთ,“ – განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, 2 დეკემბერს ტრამპს ტაივანის ლიდერმა ცაი ინვენმა დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამ ფაქტმა პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს საუბარი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და არავის, მათ შორის ჩინეთს არა აქვს უფლება მიუთითოს მას, ვის სატელეფონო ზარს უპასუხოს და ვისას – არა“.