“ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და მომაკვდავ დედას წაადგნენ” – წინანდალში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და მომაკვდავ დედას წაადგნენ” – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ წინანდალში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის დეტალებზე წერს.
როგორც გამოცემასთან მოკლულის თანასოფლელები აცხადებენ, ელენე შიუკაშვილი ფანჯარასთან მივიდა, რა დროსაც მისმა ყოფილმა მეუღლემ ესროლა, ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და დაჭრილი დედა დაინახეს.
თანასოფლელები აცხადებენ, რომ ელენე ძალიან კარგი ცოლი და დედა იყო და მის ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობისთვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.
“შეიყვარე ადამიანები, ბუნება, მთელი სამყარო უსაზღვროდ, მთელი არსებით… იცხოვრე არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით”, – ეს უკანასკნელი ჩანაწერია, რომელიც 29 წლის ელენე შიუკაშვილმა სოციალურ ქსელში დატოვა… ახლობლები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი იყო ყველას მოყვარული, თბილი, შვილებზე გადაყოლილი…
„ელენე ჩვენ თვალწინ გაიზარდა, ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო, მთელ სოფელს უყვარდა. მისი მშობლების ოჯახიც თბილი, გონიერი და სოფლის გვერდით მდგომი ხალხია. პატარა გათხოვდა, მისი ყოფილი ქმარი, ავთო ბეჟუაშვილი მასზე 3 წლით უფროსი იყო, თანაც სპორტს მისდევდა, რის გამოც ტოლებში პოპულარობით სარგებლობდა. პოპულარულები კი, მოგეხსენებათ, პატარა გოგონებსაც მოსწონთ… სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ დიდად ბედნიერი არ ჩანდა; ამის მიუხედავად ქმარს არ დაშორებია, არც მშობლები აძლევდნენ ამგვარ რჩევას. უბრალოდ, გოგონას დაეხმარნენ, რომ განათლება მიეღო და სამსახური დაეწყო; ერთ-ერთ ქარხანაში ლაბორანტად მუშაობდა“, – ჰყვებიან მოკლულის თანასოფლელები.
როგორც ირკვევა, მამაკაცს თავად არ ჰქონდა მუდმივი სამსახური და შეშის გაყიდვით არჩენდა ოჯახს.
„ვინ დაუშალა, რომ სამსახური ჰქონოდა?! ის დედისერთა იყო და მშობლები მასაც გვერდით ედგნენ. თვითონ არჩია სიცოცხლე გაემწარებინა გოგოსთვის, რომელიც ამას არ იმსახურებდა. არანაირი მიზეზი ეჭვიანობისთვის არ ჰქონდა, აქ ყველამ იცის, რომ ელენე ძალიან კარგი ცოლი და დედა იყო. როგორც ჩანს, გაუსაძლისი რომ გახდა ქმრის ოჯახში ცხოვრება, ელენე მშობლების სახლში დაბრუნდა და ქმარი მას მერე მოკვლით ემუქრებოდა თურმე. დაახლოებით ერთი თვის წინ, თოფითაც მიუვარდა. თუმცა, მაშინ არ უსვრია, გოგო გადარჩა, ახლა კი… იმ საღამოს ელენეს პაპა იყო ცუდად და ოჯახში სასწრაფო დახმარების მანქანა ჰყავდათ გამოძახებული. სასწრაფო დახმარების ექიმები სულ რამდენიმე წუთის წასულები იყვნენ. როგორც ახლობლები ყვებიან, ელენე ფანჯარასთან წამლის ასაღებად მივიდა, ამ დროს ეზოში იყო ჩასაფრებული და დაინახა თუ არა, ესროლა.მთელი ოჯახი შინ იყო, მისი შვილებიც… 12 და 8 წლის ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და დაჭრილ დედას წაადგნენ, იქვე მეზობლად კლასელთან მივიდა, უთხრა, ელენე მოვკალიო და მაშინვე დაიხალა თავში ტყვია. ბიჭის ოჯახიც პატიოსანი ხალხია, ისინიც გაუბედურდნენ“, – აცხადებენ წინანდლის მცხოვრებლები.
9 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ყოფილმა ქმარმა 29 წლის მეუღლე ელენე შიუკაშვილი სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც თავის მოკვლა სცადა. მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის ავთო ბეჟუაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში თელავის რაიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც შსს-ს ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ავთო ბეჟუაშვილს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაუმტკიცა. მოსამართლემ მას 30 დღის განმავლობაში ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა, თუმცა ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა.
უფრო ადრე კი ა.წ. 21 ნოემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ავთო ბეჟუაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს. თელავის რაიონული პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ კი 8000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც გადაიხადა და 2016 წლის 1-ელ დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები