პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, 21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა
თბილისში სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, 21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა. პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დონე 16 სამშობიარო კლინიკას განესაზღვრა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ კლინიკების ხელმძღვანელებისადმი მიმართვაში რეგიონალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი დაბადების რეგისტრაციისა და პილოტურ რეგიონში დედათა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომ სამედიცინო შემთხვევების შედეგებიც განიხილეს.
„პერინატალური რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტია და სამშობიარო კლინიკების შეფასებას გულისხმობს. დონის განსაზღვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება პაციენტს კომპეტენციის შესაბამის სერვისს მიაწვდის. სისტემა ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისთვის სათანადო დონის სერვისების მიწოდებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს.
სამშობიარო კლინიკების დონეების განსაზღვრის მიზნით, სამინისტრომ მონიტორინგის მექანიზმი და ინდიკატორები შეიმუშავა. თითოეული გარდაცვალების და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი შემთხვევა პაციენტის ექიმთან შეხების წუთიდან შეისწავლება. პაციენტი შესაბამის ადგილას, შესაბამის დროს, კვალიფიციურ დახმარებას მიიღებს, რაც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობას შეამცირებს“, – განაცხადეს სამინისტროში.
მათივე თქმით, რეგიონალიზაციის პროცესი წელიწადზე მეტია დაიწყო. საკოორდინაციო საბჭომ თბილისში 16 კლინიკა შეაფასა. დონეების განსაზღვრა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.
პერინატალური რეგიონალიზაცია, როგორც სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სტანდარტი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე მოქმედებს.