დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ შეთანხმებას ქართულ ენაზე ეხმაურება
ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ქართულ ენაზე ეხმაურება. როგორც ტუსკი აღნიშნავს, შედეგი თითქმის მიღწეულია.
“შედეგი თითქმის მიღწეულია. “შეჩერების მექანიზმის” განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია”, – წერს დონალდ ტუსკი.
დღეს, 8 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა, სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. კენჭისყრა “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.