“The Independent” – საქართველოსა და უკრაინის 50 მილიონი მოქალაქისთვის ევროკავშირის ვიზების გაუქმება გადაწყვეტილია

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინის 50 მილიონი მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რაც მოსკოვისგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კიდევ უფრო დაშორებას გამოიწვევს. ამის შესახებ ვრცელ სტატიას “The Independent” ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას შორის 7 დეკემბერს შეთანხმება შედგა. შეთანხმება უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმს“ შეეხო. ეს მექანიზმი, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებამ რამდენჯერმე სინანული გამოთქვეს.
სტატიაში წერია, რომ 45 მილიონი უკრაინელისთვის და 5 მილიონი ქართველისთვის უვიზო რეჟიმზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე ევროპაში შექმნილმა მიგრაციულმა კრიზისმა და ანტიმიგრაციული პოლიტიკოსების პოზიციების გაძლიერებამ იმოქმედა. “The Independent” წერს, რომ უვიზო მიმოსვლის დაწესება ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ვინაიდან ქვეყნების მთავრობები, პროდასავლური კურსის გათვალისწინებით, საკმაოდ ხისტ რეფორმებს ახორციელებენ, რაც ხშირად მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს.
რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს ოფიციალური წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის რეპუტაციას საფრთხის ქვეშ აყენებს, ვინაიდან საქართველომ და უკრაინამ ამ პროცესის დასრულებისთვის ყველა ვალდებულება შეასრულეს. ტუსკმა მოუწოდა შულცსა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს, „ვიზალიბერალიზაციას ბლოკი მოუხსნან“.
„აქ საუბარია იმაზე, რომ ვიზების გაუქმებას მილიონობით ადამიანი ელოდება, რომლებსაც ჩვენ ამის გაკეთებას დავპირდით. ასევე, საუბარია ევროკავშირის რეპუტაციაზე, რომელმაც უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზების გაუქმების ვალდებულება აიღო“, – განაცხადა ტუსკმა.
ევროპარლამენტის მიერ საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა. მან ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში ღალატში დაადანაშაულა.
„ევროკავშირი მალე საშუალებას მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზოდ ეწვიონ ევროკავშირს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა შეთანხმებას მიაღწიეს „შეჩერების მექანიზმზე“, აქამდე ეს აღნიშნულ პროცედურას აფერხებდა“.
როგორც „როიტერი“ წერს, „7 დეკემბერს ღამით გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი, მიაღწიეს კომპრომისს იმ მექანიზმის დეტალებზე, რომელიც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უვიზო რეჟიმს შეაჩერებს“.
შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას შორის 7 დეკემბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება. მისი ტექსტის შინაარსი შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში გამოიყენებოდეს, რომელთაც ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებენ. ცნობისთვის, შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან არ ითანამშრომლებენ რეადმისიაზე, ანუ მიგრანტების უკან დაბრუნებაზე, თუ საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი და თუ საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირის ტერიტორიის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები ან საზღვრის გადაკვეთაზე უარს ძალზე ბევრი პირი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები