უკრაინის სასამართლომ „გაზპრომი“ 6 მილიარდ 660 მილიონი დოლარით დააჯარიმა
კიევის სასამართლომ უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ჯარიმის სახით 6 მილიარდ 660 მილიონი დოლარის გადახდას ავალდებულებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რუსული კონცერნი გაზის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
რუსული კონცერნი აქამდე დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარს აცხადებდა, ვინაიდან ის უკრაინის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას არ აწარმოებს. „გაზპრომმა“ მასზე ადრე დაკისრებული საჯარიმო სანქციები უკრაინის სასამართლოში გააპროტესტა.
ამჟამად კიევსა და მოსკოვს გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით რამდენიმე დავა აქვთ. საერთო ჯამში კიევი „გაზპრომისგან“ 30 მლრდ. დოლარის გადახდას ითხოვს.
თავის მხრივ, „გაზპრომსაც“ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში უკრაინული „ნაფტოგაზის” წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი აქვს შეტანილი. რუსული კომპანია უკრაინისგან ასევე დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს.