ბაქოში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველის თვითმკვლელობის ფაქტს „ლგბტ საქართველო“ ეხმაურება
აზერბაიჯანში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველის ისა საჰმარლიმის თვითმკვლელობის ფაქტს ორგანიზაცია „ლგბტ საქართველო“ ეხმაურება. ორგანიზაცია ფეიბუქის საკუთარ გვერდზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „სამწუხაროა, როდესაც ადამიანი ამ გზას მიმართავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს მიზეზი მისი ორიენტაციია… ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამებრძოლებს და ყველა მათ, ვისაც ამ შემზარავმა ფაქტმა დასწყვიტა გული. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტი იქნება ბოლო, როდესაც ადამიანს აიძულებენ, თავი მოიკლას მისი განსხვავებულობისდა გამო. ადამიანმა არ უნდა იცხოვროს სიცრუეში, ჩაგვრაში და შეურაცხყოფაში! ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცდის ასეთ წნეხს, ვუსურვებთ მამაცობას, გამბედაობასა სულიერ სიმტკიცეს!“, – ნათქვამია „ლგბტ საქართველოს“ სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში სექსუალურ უმცირესობათა ცნობილი უფლებადამცველი ბაქოში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. 20 წლის ისა საჰმარლიმ, რომელიც „Azad LGBT“ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი მეგობრების განცხადებით, საჰმარლიმ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი დატოვა: „მე თქვენ გტოვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ეს ქვეყანა და სამყარო ჩემთვის არ არის. ახლა ბედნიერი ვიქნები. დედაჩემს უთხარით, რომ მე ის ძალიან მიყვარს. ჩემს სიკვდილში ყველას გადანაშაულებთ. ეს სამყარო ფერადი არ არის. მშვიდობით“.