გამბიის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 22 წელი მართავდა, არჩევნებში დამარცხდა

გამბიის მოქმედი პრეზიდენტი იახია ჯამე არჩევნებში დამარცხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ გამბიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალი მომარ ნჯიემ აცნობა. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენელმა ადამ ბაროუმ გაიმარჯვა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაროუს ამომრჩეველთა 45,5%-მა მისცა ხმა, ხოლო ჯამეს – 36,7%-მა.
იახია ჯამეს, რომელიც გამბიას 22 წელია მართავს, ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. უახლოეს მომავალში ის თავის კონკურენტს არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს და გამბიის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
„ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ადამიანმა, რომელიც სახელმწიფოს ამდენი წლის განმავლობაში მართავდა, საკუთარი დამარცხება აღიარა“ – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
51 წლის იახია ჯამე გამბიას 1994 წლიდან მართავდა, ის ქვეყნის სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები