„მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, იქნებ დავასრულოთ არაფრისმომცემი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“

ყველაზე კრიტიკულად განწყობილი დეპუტატებიც კი, მათ შორის ”ევროპის სახალხო პარტიიდან”, ძალიან მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ჩატარებულ არჩევნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა მანანა კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანანა კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, დაასრულოს „არაფრისმომცემი დისკუსია“ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.
”მივეჩვიეთ, რომ ძალიან ხშირად ოპოზიციისგან ვისმენთ განცხადებებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან, ვუყურებთ აპოკალიფსურ სურათს, რომელსაც ისინი ხატავენ და ამ ფონზე მინდა გავაჟღერო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენმა კოლეგებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ძალიან მნიშვნელოვან კომიტეტზე გააჟღერეს.
იქ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა, რომ ჩვენი ქვეყანა არის სამაგალითო ევროპული არჩევანის მქონე ქვეყანა მთელ რეგიონში, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ეს შეფასებები გაკეთდა, სწორედ იმ დასკვნებიდან გამომდინარე, რაც დადო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც არჩევნებზე საქართველოში იმყოფებოდა. ყველაზე კრიტიკულად განწყობილი დეპუტატებიც კი, მათ შორის ”ევროპის სახალხო პარტიიდან”, ძალიან მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ჩატარებულ არჩევნებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2016 წელს ჩატარებული არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული, მშვიდობიანი და სამართლიანი მათ შორის, რაც ჩატარებულა და ბევრად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ეს იყო 2012 წელს. რა თქმა უნდა, ეს შეფასებები არ არის ზერელე, ეს არის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის, დემოკრატიული რეფორმების და მინდა ამ ფონზე მოვუწოდო ოპოზიციას, იქნებ დავასრულოთ არაფრისმომცემი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როცა ასეთი დასკვნებია გაკეთებული, ასეთი კომპეტენციის ორგანიზაციების მხრიდან. გავაგრძელოთ საქმიანობა პარლამენტშიც და რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები