რას ურჩევენ ექსპერტები მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები მთავრობის მიერ ლარიზაციასთან დაკავშირებულ გეგმებს დადებითად აფასებენ და მომხმარებლებს უცხოური ვალუტით აღებული სესხების ლარში გადატანას ურჩევენ.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ფინანსურ ტვირთს გარკვეულწილად შეუმსუბუქებს.
„ლარიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ინიციატივებს შორის, რაც დასახელდა, ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების რისკი მოსახლეობისთვის ძალიან სენსიტიური თემაა და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქვეყანაში.
შემუშავებულია გარკვეული მექანიზმი, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს წარსულში დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანას, არამედ ე.წ ოცპუნქტიანი გარკვეული მაკომპენსირებელი ინსტრუმენტი შემოდის და მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,3. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიო. ეს არის ერთგვარი დაზღვევის მექანიზმი, რომ მოქალაქეებს კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ტვირთი შეუმცირდეთ. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივით ძალიან ბევრი მოქალაქე ისარგებლებს, თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა. მე მგონია, რომ ბოლო პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ ადამიანებს ასწავლა ის, რომ იმ ვალუტაში უნდა აიღონ სესხები, რა ვალუტაშიც აქვთ შემოსავალი“, – აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისივე შეფასებით, ე.წ. ლარიზაციის გეგმა ბანკების მხრიდან უკმაყოფილებას არ გამოიწვევს.
„მე არ მგონია, რომ ბანკების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვას რამდენიმე მიზეზის გამო: როცა მოქალაქეებს ექმნებათ ფინანსური პრობლემები, ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად ბანკზეც აისახება ნეგატიურად, ასე რომ, ბანკებს გააზრებული აქვთ ის რისკი, რომ ფინანსური სტაბილიზაციის ხარისხის ამაღლება და მოქალაქეების ფინანსური დანაკარგებისაგან დაზღვევის ეფექტიანი ინსტრუმენტის ჩამოყალიბება ქვეყანაში აუცილებელია.
წინა ხელისუფლებებისაგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად ითვალისწინებს თავად ბიზნესის და მათ შორის, ბანკების წარმომადგენლების აზრს. ეს პრაქტიკა დაინერგა 2013 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ე.წ. ლარიზაციის გეგმაზე საუბრები შედგა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთანაც და შედგა კომპრომისული მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეების ტვირთის შემსუბუქებას და მეორე მხრივ, არ დააზარალებს საბანკო სექტორს“, – განუცხადა “კვირას“ ლევან კალანდაძემ.
ეკონომიკის ექსპერტი ასევე დადებითად აფასებს ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
“ონლაინ სესხები თავისთავად არის გარკვეული პრობლემა საზოგადოებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც, იმიტომ, რომ ეს სფერო არ არის მოქცეული სახელმწიფო რეგულაციის სფეროში. რამდენადაც მტკივნეული და არაპოპულარული არ უნდა იყოს, ეს ნაბიჯი სწორია.
ონლაინ სესხების აკრძალვა გარკვეულწილად შეუწყობს ხელს ახალი პროცესის დაწყება – რაც მათ გაამსხვილებს და მათ მიკროსაფინანსოებად გადაქცევას შეუწყობს ხელს. ერთი მხრივ, ჩვენ მივიღებთ გამსხვილებულ ბიზნესს და მეორე მხრივ, ორგანიზაციები დაექვემდებარებიან რეგულაციებს”, – განაცხადა კალანდაძემ.
პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ასევე დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა და ამბობს, რომ დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გამოინახება საშუალება და მომხმარებელს, რომელსაც დოლარში აქვს სესხი აღებული, უფრო დაბალი კურსით ლარში გადაუვა. მთავარია, რა მასშტაბით განხორციელდება, რამდენ ადამიანს შეეხება. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ნაბიჯი პოზიტიურად აისახება მოსახლეობაზე. მისასალმებელია ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვის თაობაზე გაკეთებული განცხადებაც. დღეს ონლაინ სესხები ძალიან მაღალი პროცენტით გაიცემა. ონლაინ სესხების კომპანიებზე არ ვრცელდება რეგულაციები, ეს რისკს ზრდის. ასევე, სახელმწიფოს, ეკონომიკის მიმართულებით, არაფერი ემატება, პირიქით. ასე რომ, გაუქმება ეკონომიკური მიმართულებით გამართლებული ნაბიჯია, მოსახლეობა თავადაც ითხოვდა ასეთი ნაბიჯების გადადგმას და არაერთი მოწოდება იყო, რომ დარეგულირებინათ ეს საკითხი“, -აცხადებს დუნდუა.
მიხეილ დუნდუასგან განსხვავებით, ონლაინ სესხების გაცემის გაუქმების გეგმას სკეპტიკურად უყურებს ეკონომისტი აკაკი ცომაია.
“ონლაინ სესხების აკრძალვა და ეკონომიკური ზრდის ტემპი არანაირ კავშირში არ არის. ონლაინ სესხები თუ აიკრძალება, მოთხოვნა ასეთი ტიპის სესხებზე მაინც იარსებებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნაცვლად, ვინც დღეს ონლაინ სესხებს გასცემენ, ამ ნიშას დაიკავებენ სხვა ისეთი საფინანსო მოთამაშეები, რომლებიც ბაზარზე არიან წარმოდგენილნი – კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსოები და ასე შემდეგ, ასე რომ, ამით სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება“, – აცხადებს აკაკი ცომაია.
ლარის სტაბილურობის მიმართულებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურდაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი.
„ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი, სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით“, -აღნიშნა პრემიერმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მზადდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება.