„ექვთიმე ღვთისკაცი“ – ქართული საგანძურის დამცველს ახალ ქართულ ფილმში გააცოცხლებენ

მალე ახალი ქართული ფილმის – „ექვთიმე ღვთისკაცის“ გადაღებები დასრულდება. ფილმს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს. ფილმის გადაღების იდეა კომპანია „დაკარგულ ლეგენდებს“ ეკუთვნის.
„ქართული საგანძურის“ დამცველის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება ახალ ქართულ მხატვრულ ფილმში ცოცხლდება. „ექვთიმე ღვთისკაცი“ გულისამაჩუყებელი სცენით იწყება. 5 წლის ექვთიმეს გარდაცვლილ დედასთან დაძინებულს იპოვიან. მთავარ როლს ფილმში გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი შეასრულებს. ფილმი, რომლის გადაღებებიც ამ ეტაპზეც გრძელდება, უშუალოდ შემოქმედებითი კოლექტივის ენთუზიაზმით ფინანსდება.
რეჟისორს ფილმის დაბადების იდეა 9 წლის ასაკიდან მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ გაუჩნდა.
„9 წლის ვიყავი, როდესაც რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტრი ფილმი ვნახე ექვთიმე თაყაიშვილზე. ეს იყო ერთდრულად უდიდესი შთაბეჭდილებისა და სიამაყის შეგრძნება, რომ გვყავდა ასეთი მამულიშვილი. ფილმი თავისთავად აგებულია დოკუმენტურ მასალებზე და, ძირითადად, ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებზე. რა თქმა უნდა, არის მხატვრული ელემენტებიც.
ფილმი იწყება სცენით, როდესაც 5 წლის ექვთიმეს დედა გარდაეცვლება, მას ყველგან ეძენებ და უცებ სუდარის ქვეშ მკვდარ დედასთან ჩაძინებულს იპოვიან“, – ყვება რეჟისორი.
იგი თვლის, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ქართული განძის დარაჯს ამით იმ ვალის მიზერულ ნაწილს უბრუნებს, რაც ყველა ქართველს მართებს ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ.
ფილმის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს, რამდენიმე სცენის გადაღება დაგეგმილია ასევე პარიზში, ლევილში, რისთვისაც შემოქმედებით ჯგუფს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. საგულისხმოა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი და სცენარისტები ფილმში ჰონორარს არ იღებენ.
„რეზო ჩხიკვიშვილი, მე, პროდიუსერი და შემოქმედებითი ჯგუფის დიდი ნაწილი უარს ვამბობთ ჰონორარზე. ჩვენი სურვილია, ახალგაზრდა თაობებს დავანახოთ ის, თუ როგორი გმირები გვყავდა. ამ ფილმში გაცოცხლებულია ყველა მაშინდელი ქართველი თუ მსოფლიო ისტორიული გმირი. გვინდა ვაჩვენოთ, თუ რა ბრძოლების გადატანა უწევდა ექვთიმე თაყაიშვილს საგანძურის გადასარჩენად. ეს არის საოჯახო ფილმი. უნდა უყუროს ყველა თაობის მაყურებელმა“,- აღნიშნა რეჟისორმა.
ფილმში დეტალურად არის ნაჩვენები ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ცხოვრება და მისი ცხოვრების სასიყვარულო ისტორიაც. ფილმის დასასრულიც თავისი შინაარსით ემოციურია და ექვთიმეს სამშობლოში დაბრუნებით სრულდება, როდესაც მას თან გადარჩენილი განძი ჩამოაქვს.
„აეროპორტში ექვთიმეს უამრავი ადამიანი ელოდება, მას თან მოაქვს განძი, თითქოს ამისთვის აპირებდა სიცოცხლეს, თავის მიწაზე მისი ფეხის დადგმის ეპიზოდი ამ სიტყვებით სრულდება: „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალი შემეყარეო.“
ფილმის დასრულებისთვის შემოქმედებით ჯგუფს 170 000 ლარი სჭირდება, რისთვისაც ვიდეომიმართვაც გავრცელდა. ვიდეომიმართვას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ გამოეხმაურა.
„ეს არის მამულიშვილური საქმე, რასაც ამ ფილმში შემოქმედებითი ჯგუფი აკეთებს, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წვლილი შეგვაქვს ამ ფილმის დასრულებაში. გვინდა, რომ მაგალითის მიმცემი ვიყოთ ყველა ბიზნესმენისთვის თუ კომპანიისთვის“, – განაცხადა „ანაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ,მარიამ გამცემლიძემ.
რეჟისორს მიაჩნია, რომ თითოეული ჩარიცხული თანხა საქართველოს საამაყო წარსულის უკვდავსაყოფად შეტანილი წვლილი იქნება.
ფილმის ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კონოფესტივალზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები