პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამების საკითხებზე საორგანიზაციო შეხვედრა მიმდინარეობს
„თბილისი მარიოტში“ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახლად შექმნილი სტრუქტურული ერთეულის – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს – ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით, საორგანიზაციო შეხვედრა ტარდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიან ღონისძიებაში, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, სააგენტოს სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი სამმართველო დაგეგმავს, კოორდინირებასა და მონიტორინგს გაუწევს მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციიისა და გადამზადების პროგრამებს. აღნიშნული პროცესის მაღალკვალიფიციურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტების შემუშავებაზე, ასევე სამუშაოს აღწერილობების შედგენაზე. საორგანიზაციო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ეწყობა.