პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილს უსმენენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ 2016-2020 წლებში ” აცნობს. სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს და ყველანი მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ ეს ძალიან დიდი ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გავამართლოთ. მინდა მივმართო მათაც, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა და ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილებას, მათ პოლიტიკურ გემოვნებას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილები, რომელთაც გვაერთიანებს ერთი ამოცანა – საქართველოს წინსვლა – პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე შევქმნათ ერთად. ამისთვის თითოეული მოქალაქის კონსოლიდაცია და მთელი საზოგადოების გაერთიანება იქნება საჭირო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თავის მიმართვაში.
პარლამენტის ნდობის მისაღებად, მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
”ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ცვლის. ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარედგინა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია ”თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები