საქართველოს აშშ -დან მცირე და საშუალო მეწარმეების ჯგუფი ეწვევა

საქართველოს, მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯგუფი ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკული საინვესტიციო კომპანია Schulze Global Investments-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, გაბრიელ შულცის შეხვედრისას აღინიშნა.

Schulze Global Investments-ი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე, ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მართავს, საქართველოში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში ინვესტირებით არის დაინტერესებული.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო. Schulze Global Investments-ის დამფუძნებლის შეფასებით, საქართველო ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესო ბაზარია და მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

გაბრიელ შულცმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

Schulze Global Investments-ი ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. კომპანიას არსებობის 10-წლიანი ისტორია აქვს და მის კლიენტებს შორის არიან მსხვილი ინვესტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ფონდები. საქართველოში, Schulze Global Investments-ი 100 მილიონ აშშ დოლარიან Caucasus Clean Energy Fund-ს მართავს, რომელიც ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ინვესტირებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები