დედაქალაქის მთავრობა „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ ლიკვიდაციის პროცესს დაიწყებს

თბილისის მერიის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყება. მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი“ 2011 წელს შეიქმნა, რაც მაშინ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მოქნილი სტრუქტურების გამართული საქმიანობით იყო განპირობებული. 2015 წლიდან, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი“, ისევე როგორც სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ერთიან სახელმწიფო საბიუჯეტო ხაზინას დაექვემდებარა და მათზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა.
შესაბამისად, დადგა მოცემულობა, რომლის თანახმადაც, განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსებისას, ცენტრი მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პარალელურ სტრუქტურად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, საბიუჯეტო თანხების ეკონომიის, კადრების ოპტიმიზაციისა და ფუნქციონალური დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, დადგა ცენტრის ლიკვიდაციის აუცილებლობა.
ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური ყველა იმ ფუნქციას გადაიბარებს, რასაც ამჟამად ცენტრი ახორციელებს, კერძოდ, კულტურის საქალაქო სამსახურში შემოსული პროექტების დაფინასებაზე პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური საბჭოები იმსჯელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ ლიკვიდაციით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად 800 000 ლარს დაზოგავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები