არ გამოვრიცხავ, გვიჩიანმა კომპენსაციაც მოითხოვოს – რას აცხადებს მოკლული ლომინაძის და

„არ გამოვრიცხავ, რომ გია გვიჩიანმა კომპენსაციაც მოითხოვოს, მას შემდეგ, რაც იგი საპატიმროს დატოვებს. მაგის რიტორიკიდან გამომდინარე, შეიძლება მამაჩემი ცილისწამებისათვის დააპატიმრონ“, – ასე ეხმაურება 2002 წელს მოკლული ნიკა ლომინაძის და, თამარ ლომინაძე პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც უწყებამ 17 ნოემბერს გამოაქვეყნა. თამარ ლომინაძეს მიაჩნია, რომ ის, რაც პროკურატურამ განცხადების სახით გამოაქვეყნა, არის სრულიად უსამართლო.
„ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება, არის ძალიან დიდი უსამართლობა. მხედველობაში მაქვს ის, რომ გამოძიების ჩატარების გარეშე რაიმე მტკიცებულება ოჯახს არ წარუდგინეს და არ გააცნეს. გარდა ამისა, მტკიცებულების გარეშე დაკავებულ ადამიანებს აცხადებენ უდანაშაულოდ და უფრო მეტიც, ველოდებით, როდის იტყვიან, რომ ნიკა საერთოდ არ მოუკლავთ და „მოგვეჩვენა“ ყველაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ გია გვიჩიანმა კომპენსაციაც კი მოითხოვოს, მას შემდეგ, რაც იგი საპატიმროს დატოვებს. მაგის რიტორიკიდან გამომდინარე, შეიძლება მამაჩემი ცილისწამებისათვის დააპატიმრონ“, – აცხადებს თამარ ლომინაძე. 15139519_1296314933724330_676657505_n
როგორც „კვირას“ თამარ ლომინაძემ განუცხადა, მამამისი პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს, თუმცა რა ახალი გარემოება აღმოაჩინა გამოძიებამ, მათთვის უცნობია.
„რაც გამოძიება განახლდა, მამა პროკურატურაში რამდენჯერმე იყო დაბარებული. მას სიტყვიერად განუცხადეს, რომ ახალი გარემოებები გამოჩნდა, მაგრამ მამაჩემისთვის არ წარუდგენიათ რა ახალი გარემოება მოიპოვა გამოძიებამ. რა ახალ გარემოებებზეა საუბარი, ჩვენ, ლომინაძეების ოჯახის არც ერთმა წევრმა არ ვიცით. არავითარი საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო იმ გამოძიებას და სასამართლოს, რომელიც აქამდე ჩატარდა. ამასთანავე, არავითარი საწინააღმდეგო არ მომისმენია, გარდა სიტყვიერი, იმ ახალი გარემოებების შესახებ. ვინმემ ხომ უნდა აგვიხსნას, რომ ის, რაც აქამდე ჩატარდა, დარღვევით და უკანონოდ იყო გაკეთებული. პირადად მე, და არც მამას, არ გვინახავს ახალი დოკუმენტი, რომელიც მე დამარწმუნებდა იმაში, რომ რაც ჩატარდა, იყო უკანონო ან ის დაკავებული ადამიანები არიან უსამართლოდ დასჯილები. არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის თვითმიზანი არ არის რომელიმე კონკრეტული ადამიანი იჯდეს ციხეში. ჩვენ მაგით არაფერი არ გვეშველება, არც ნიკუშას გაგვიცოცხლებს ვინმე და ვერც იმ ძველ დროს ვერავინ დაგვიბრუნებს. საზოგადოებისთვის არის საჭირო, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი, იმისთვის, რაც ჩაიდინა”, – აცხადებს გარდაცვლილ ნიკა ლომინაძის და. მისივე თქმით, საქმის მასალებში არსებობს დოკუმენტი, რომელიც თავის დროზე ნიკა ლომინაძემ მოიპოვა.
„საქმეში არსებობს დოკუმენტები, რომ თელასის ჩათვლები სამხედრო ნაწილთან კანონის დარღვევით ხორციელდებოდა, სადაც მილიონობით თანხა უგზო-უკვლოდ იკარგებოდა. ეს ყველაფერი მიდიოდა გვიჩიანამდე, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქმეშიც დევს. თუ გვიჩიანი დამნაშავე არ არის, მაშინ გვითხრან, ვინ არის დამნაშავე. ის კი არა, რომ გაუხსნელ საქმეებს კიდევ ერთი საქმე დაემატოს, ამ შემთხვევაში ჩემი ძმის მკვლელობის საქმეს ვგულისხმობ“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას თამარ ლომინაძე.
შეგახსენებთ, რომ „ეი ი ეს თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. 2006 წლის მარტში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა. დანაშაულის დამკვეთად გამოძიებამ “თბილგაზის” ყოფილი დირექტორი, გია გვიჩიანი სცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.15139355_1296314753724348_223294652_n
2012 წლის თებერვალში პროკურატურამ ეს ვერსია ეჭვქვეშ დააყენა და გამოძიება განაახლა.
მსჯავრდებულ გია გვიჩიანის ადვოკატმა, ახალი გარემოებების აღმოსაჩენად, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს მიმართა. საქმეში ახალი ადვოკატი – ვალერი გელბახიანიც ჩაერთო.
როგორც „კვირას“ მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა, ექსპერტმა დასკვნა 2015 წელს შექმნა, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობა „მაყუჩიანი“ „მაკაროვის“ სისტემის იარაღით არ განხორციელებულა.
„საქმის მასალები შევისწავლეთ. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობა „მაყუჩიანი მაკაროვის“ სისტემით განხორციელდა, რაც გამოვრიცხე. ჩემ მიერ შედგენილი დასკვნა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაშიც დაადასტურეს“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
სწორედ ეს აღნიშნული დასკვნები გახდა საფუძველი, რომ მთავარ პროკურატურას ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო.
2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს პროკურატურამ გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის ნიკა ლომინაძის მკვლელობაც.
“საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაობის შედეგად, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს „ეი ი ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ.
აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.
2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავეებად ნიკოლოზ ლომინაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. სასამართლომ უდავო ფაქტად მიიჩნია ის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის იარაღით.
ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობის სურათის მიხედვით, კატეგორიულად გამორიცხავს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ნიკოლოზ ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობის თაობაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ.15134429_1296314623724361_392954156_n
ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებს“, – ამონარიდი პროკურატურის განცხადებიდან.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მას შემდეგ, რაც უწყებამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჯაროა, გახმაურებული მკვლელობის საქმეების მასალები და ახლად აღმოჩენილი გარემოებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსახილველად გადაეგზავნა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები