დიღომში 9 000-ზე მეტი ხე – მცენარე დაირგო (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე – მცენარე დაირგო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან ერთად ჩაერთო.
ხე-მცენარეები ჯამში, 20-მდე მისამართზე დაირგო. დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფი ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ტერასებიან ფერდობზე სულ 8550 ძირი ნუშისა და საპნის ხე დაირგვება. 600 ძირი კვიპაროსი დაირგო ფარნავაზ მეფის გამზირის გზის გამყოფ ზოლში. დიდ დიღომშივე, გზის პირებსა და კორპუსების ეზოებში, მთის ნეკერჩხლის, აკაციის, არღავნისა და კვიპაროსის ხეები დაირგო.
კონტრაქტორი კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
„ღონისძიებაში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართული, რათა ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე. რაც შეეხება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის ქედს, ამ ტერიტორიაზე ათეულობით წლების წინ, გამწვანებისთვის გაკეთდა ტერასები. ჩვენი გადაწყვეტილებით, აქ გაშენდება ნუშის ბაღები. დიდ დიღომში, ზოგადად, გამწვანების ნაკლებობაა. ამიტომ, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად ვრგავთ ხე – მცენარეებს, რაც რამდენიმე წელში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამწვანების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.
საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ძირი ხე – მცენარე დაირგვება.