“ჰალუცინაციები და შიზოფრენია” – რას აცხადებენ მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექიმები

მშობლების განზრახ მკვლელობაში ეჭვმატანილ 35 წლის ივანე ქ.-ს შიზოფრენია 20 წლის წინ დაუდგინდა. მას სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები ჰქონდა. ამის შესახებ „კვირას“ პაციენტის ოჯახის ექიმმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს შიზოფრენია 20 წლის თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში დაუდგინდა და სამედიცინო დაწესებულებაშიც მკურნალობდა, თუმცა  უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება.
ოჯახის ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო ერთი კვირაა, აგრესიული გახდა.
„პაციენტი წლების განმავლობაში მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ერთი კვირაა, აგრესიული გახდა. ოჯახის წევრებისგან მქონდა ინფორმაცია, რომ ბოლოს მედიკამენტებსაც არ იღებდა და საჭმელში უყრიდნენ მედიკამენტებს და ასე იყო.
თუმცა როგორც დღეს გავიგე, ბოლო ოთხი დღეა საკვები საერთოდ არ მიუღია. დღეს კი ეს საშინელი ამბავი მოხდა“, – ამბობს „კვირასთან“ პაციენტის ოჯახის ექიმი.
ამჟამად, მშობლების განზრახ მკვლელობაში ეჭვმატანილ 35 წლის ივანე ქ.-ს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიცია იცავს.
როგორც „კვირას“ ჯვარის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა, გოჩა ლიპარტიამ განუცხადა, სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაციით ზარი 11 საათსა და 55 წუთზე დაფიქსირდა.
მისივე თქმით, პოლიციელების დროული ჩარევით, ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობას გადაარჩინეს.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 35 წლის მამაკაცი ხეზე მავთულით თვითმკვლელობას ცდილობდა, თუმცა იგი პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. პაციენტს, რომელიც უკონტაქტო იყო, ზედა კიდურებზე თვითდაზიანება აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ვენების გადაჭრის შემდეგ, მამაკაცმა ხეზე მავთულით თავის ჩამოხრჩობა სცადა. ამის გამო, მამაკაცს კისრის არეშიც მავთულისგან ღია ჭრილობაც აღენიშნებოდა. მას ადგილზე სამედიცინო დახმარება ჩავუტარეთ და სასწარაფოდ ზუგდიდში, რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. გზაში რეანიმაციული ღონისძიებები გრძელდებოდა, რის შედეგადაც პაციენტი კონტაქტური გახდა. ამჟამად იგი კლინიკაშია მოთავსებული და მასზე მონიტორინგი ხორციელდება“, – აღნიშნა ექიმმა გოჩა ლიპარტიამ.
როგორც „კვირას“ კლინიკის ექიმმა განუცხადა, პაციენტი ამჟამად გონზეა, თუმცა მას პოლიცია იცავს და კონტაქტს არავისთან ამყარებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილის საათებში, წალენჯიხის სოფელ ლიაში საზარელი დანაშაული მოხდა. 35 წლის ივანე ქ.-მ, რომელიც ფსიქიკურად დაავადებული პირია, მშობლებს ნაჯახით თავები მოჰკვეთა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109 მუხლით, რაც დამამძიებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები