„საუდის არაბეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა“

საუდის არაბეთის წამყვანი ეკონომიკური ჟურნალი „თიჯარათ ალ-რიად” (Riyadh Trade) საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინტერვიუზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას სათაურით – „ინვესტიციებმა საუდის არაბეთიდან საქართველოში 100 მილიონ აშშ-დოლარს გადააჭარბა და ქვეყნებს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა”.
სტატიაში საუბარია საუდელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი სფეროების შესახებ; როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა.
„საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორებს, განსაკუთრებით კი საუდელ ბიზნესმენებს მისცა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქვეყნის სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. საქართველოს მთავრობამ წარმატებით შექმნა ხელსაყრელი პირობები ინვესტირებისთვის. კერძოდ, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით გატარდა მრავალი რეფორმა და მიღებულ იქნა რიგი კანონები”, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის ბიზნესმენებისთვის ხელმისაწვდომია უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პრიორიტეტული სფეროებზე, კერძოდ ყურადღება გაამახვილა მრეწველობაზე, ვინაიდან აღნიშნულ სექტორში დაკავებულ ინვესტორებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებთან გადასახადების გარეშე, რაც თავის მხრივ, ინვესტორებისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ დღეისთვის საუდელების ინვესტიციები საქართველოში ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და სამომავლოდ იგეგმება მსხვილი კომპანიების მოზიდვა.
საქართველოს ელჩი ჟურნალ „თიჯარათ ალ-რიად”-თან საუბრისას ტურიზმის სფეროსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეწვია 20 ათასი საუდის არაბეთის და 6500 სამეფოში ლეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე (ექსპატრიატი). ელჩის განცხადებით, საქართველო გამოირჩევა სამკურნალო ტურიზმით, ვინაიდან ქვეყანაში მრავლად არის ბუნებრივი ბალნეოლოგიური კურორტები და სამკურნალო წყლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები