მარიამ ჯაში: შევეცდები განათლების კომიტეტი გახდეს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი

„შევეცდები განათლების კომიტეტი გახდეს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი”,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი სამეცნიერო პოტენციალის გაზრდაზე გაკეთდება.
„მთავარი სიახლე, რომლის დამკვიდრებასაც მე შევეცდები საკანონმდებლო ორგანოში არის ის, რომ კანონმდებლობის პროცესში განათლების კომიტეტი გახდეს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან ჯაჭვს, როგორც რეფორმების შემუშავების, ასევე მის განხორციელებაზე ზედამხედველობის კუთხით.
პროცედურულად ჩვენ უნდა დაველოდოთ უფლებამოსილების დამტკიცებას. თუკი ჩემი კანდიდატურის დამტკიცება მოხდება, რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მე ჩემს კოლეგებსა და თანაგუნდელებთან ერთად გავმართავ საგანგებო პრესკონფერენციას, სადაც წარმოვადგენ ძირითადი მიმართულებების მონახაზს.
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული კონსულტაციები მქონდა, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორთან, ნაადრევი იქნება სრული სურათის წარმოდგენა, თუმცა, რა თქმა უნდა, იკვეთება ძირითადი საკითხები. ეს გახლავთ თანმიმდევრული რეფორმების განხორციელება, რომელიც უფრო ხარისხიანს, ინკლუზიურს და ხელმისაწვდომს გახდის განათლებას ჩვენი ბავშვებისთვის“, – განაცხადა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები