რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის აღზრდა-განვითარებაში – ფსიქოლოგების რჩევები მამებს

ბავშვის აღზრდის პროცესში დედისა და მამის მზრუნველობა თანაბრად მნიშვნელოვანია.
თანამედროვე რეალობაში დამსხვრეული სტერეოტიპებისა და შეცვლილი ცნობიერების მიუხედავად, დედის როლი დღესაც წამყვანია, თუმცა მამის ჩართულობა ამ პროცესში დღითიდღე სულ უფრო აქტუალური ხდება.

სტატისტიკურად განქორწინებულთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად მატულობს, ამ დროს შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობას მთლიანად დედა იღებს, პატარა კი უმამობით გამოწვეული სიცარიელის მსხვერპლი ხდება, რაც მის ჯანსაღ განვითარებაზე არცთუ ისე დადებითად მოქმედებს.

Mother and twin daughters playing in park

სოფო გაბრიჭიძე, უკვე 2 წელია, პატარა ნიკოლოზს დამოუკიდებლად ზრდის და ცდილობს ბავშვს უმამობა ყველანაირად შეუვსოს, თუმცა „კვირასთან“ საუბრისას, მამის როლს ბავშვის ცხოვრებაში მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„ჩემი პატარა 2 წლისაა და მამას ნორმალურად არც იცნობს, თუმცა რამდენჯერმე ნახა და მას შემდეგ ყოველთვის კითხულობს. ამ მოვლენას ვერაფრით ვხსნი. სამაგიეროდ, დაბეჯითებით შემიძლია ვილაპარაკო, რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში. როდესაც მარტოხელა დედა ხარ, დატვირთვა მეტწილად შენზე მოდის, რადგან მეორე ნახევარი გვერდს არ გიმაგრებს. მეტი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვის ჯანსაღი მომავალი უზრუნველყო. ვფიქრობ, მარტოხელა დედებს მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან ბავშვები სწორად აღვზარდოთ, მათი სათუთი ფსიქიკა შევისწავლოთ, სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არ არის მამა ჩვენთან, რომ ბავშვს მიტოვებულის განცდა არ შეექმნას.

ზოგჯერ უიმედობა გეუფლება და ამას ბავშვიც გრძნობს. როცა ორნი ხართ და ორი ფიქრობს ბავშვზე, ფუნქციებიც გადანაწილებულია და გაცილებით მარტივია. როდესაც მარტოხელა დედა ხარ, გამძაფრებული გაქვს მშობლის ინსტინქტი და ცდილობ, შენი პატარა არავინ დაჩაგროს, მუდამ ბრძოლისა და თავდადების რეჟიმში ხარ.

გარკვეულწილად, მამის როლი ბიჭის ცხოვრებაში ალბათ უფრო განსაკუთრებულია, როდესაც გარკვეულ ასაკამდე მიდიან, ასე მგონია. თუმცა ყველანაირად ვცდილობ მას უმამობა არ ვაგრძნობინო და მეტი დრო დავუთმო, დიდიც ვიყო და პატარაც, დედაც და მამაც. სხვანაირად მოქცევის უფლება უბრალოდ არ მაქვს, რადგან ამხელა პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე გააზრებულად ავიღე“, – აცხადებს „კვირასთან საუბრისას სოფო გაბრიჭიძე.adorable-photos-of-dads-and-their-kids-on-fathers-day

იმ დროს კი, როდესაც პატარებს უმამობით გამოწვეული სიცარიელის განცდა ეუფლებათ, სპეციალისტები დედებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ და იმისათვის, რომ მომავალში ამ ფაქტმა პატარების ტრავმირება არ გამოიწვიოს, დედებს ურჩევენ, შვილებს სიმართლე უთხრან და ასაკისთვის შესაფერისი სიტყვებით აუხსნან, თუ რატომ არ არის მამა მათ გვერდით.

ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე ბავშვის აღზრდის პროცესში დედისა და მამის როლს ერთნაირ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც „კვირასთან” საუბრისას მურუსიძე აცხადებს, მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირი პატარების ჯანსაღი განვითარების საწინდარია.

„მუცლად ყოფნის დროს, როგორც დედის ხმა ესმის ჩვილს, მამის ხმასაც ასევე გამოარჩევს. დაბადებიდან 1-3 წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია მზრუნველი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ორივე მშობლის მხრიდან, რაც მისი ჯანსაღი განვითარების საწინდარი ხდება.

დაბადებისთანავე ჩვილს მამის გულზე აწვენენ, რომ თავიდანვე ჩამოყალიბდეს სითბო მათ შორის. თავიდანვე იგრძნოს პატარამ, რომ კიდევ ჰყავს ისეთივე ახლობელი ადამიანი, როგორიც დედაა. თუ ეს კავშირი არ იქნება და გარკვეული მიზეზების გამო, მამა ბავშვის ცხოვრებაში არ იქნება, მის ცხოვრებაში სიცარიელე შეიქმნება.
ხშირად კითხულობენ, სად არის მამა? როგორ გაჩნდა? რატომ არ დადის მასთან მამა, სხვა ბავშვების მსგავსად და რატომ არ ცხოვრობენ ერთად როგორც სხვა ოჯახი? ამაზე ხშირ შემთხვევაში ბავშვები პასუხს ვერ იღებენ და აგრესიულები ხდებიან.

აუცილებლად უნდა ვუთხრათ სიმართლე მისთვის გასაგებ ენაზე. ყოვლად დაუშვებელია, ბავშვის აღზრდა ტყუილებით. ზოგჯერ დედები მამას უკრძალავენ შვილთან ურთიერთობას, ზოგჯერ კი ცდილობენ, რომ მამა დადებით პიროვნებად დაუხატონ. ის, რასაც უყვებით, თუ არ არის სიმართლე, შეიძლება ბავშვისთვის ეს მატრავმირებელი გახდეს. ამ შემთხვევაში, დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.dads_web_jpg_570x570_q95

ბიჭისთვის გარკვეულ ასაკში აუცილებელია მამის ხატის არსებობა და ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ მას არ ულანძღონ მამა, რომელიც არსებობს, მაგრამ წასულია. სჯობს, რომ სიფრთხილით მოვეკიდოთ მამის ან გაიდეალებას ან ლანძღვას. ზედმეტად გაიდეალებული ან ნალანძღი მამის შემთხვევაში, გარკვეული სახის პრობლემები იქმნება. 6-7 წლის ასაკში საჭიროა, ბავშვს ჯანსაღი მამის ხატი ჰქონდეს, ხანდახან ბაბუები ანაცვლებენ მამებს და ბავშვებსაც მათ მიმართ აქვთ მიმბაძველობის განცდა.

ისეც ხდება, რომ ზოგჯერ მამები, რომლებიც ოჯახში ცხოვრობენ, დაკავებულნი არიან და ვერ მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში. არ არის აუცილებელი, 24 საათის განმავლობაში ჰქონდეთ კავშირი შვილთან, მაგრამ როდესაც სახლში ბრუნდებიან, აუცილებელია, რომ მამებმა რამდენიმე ხანი მათ მიუძღვნან, რადგანაც პატარას მათ გარეშე ყოფნით გაჩენილი დეფიციტის განცდა მოეხსნას“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა მეტნაკლებად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მამები სამსახურებრივი საქმიანობით არიან დაკავებულნი და ბავშვის აღზრდაში აქტიურად ვერ მონაწილეობენ.

ასეთ შემთხვევაში, ფსიქოლოგები მამებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის თუნდაც მცირე დროის გამონახვას ურჩევენ, რათა პატარას მის გარეშე გატარებული დროის გამო, გამოწვეული დეფიციტის განცდა მოეხსნას.

ერთ-ერთი ასეთია, ორი შვილის მამა, პროფესიით იურისტი დავით მჭედლიშვილი, რომელიც შვილებთან ურთიერთობას, სამსახურეობრივი გრაფიკის გამო, ყოველდღიურად ვერ ახერხებს და მათთან ურთიერთობის დანაკლისს თავადაც მუდმივად განიცდის.

ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, შვილებს ის ძალიან უყვართ.
„არ მგონია, რომ ცუდი მამა ვიყო, მაგრამ კარგისგანაც შორს ვარ. ძალიან დაკავებული ვარ, შაბათსაც ვმუშაობ და ხანდახან კვირასაც. საღამოს სახლში, რომ ვბრუნდები, ისეთი დაღლილი ვარ, ვერ ვაზროვნებ, ბავშვები მომვარდებიან ხოლმე და რაღაცებს მიყვებიან, თან ჩემი პასუხებიც აინტერესებთ. ერთი ფეხბურთზე ყვება, მეორე – კაბებზე და ბალეტზე. ისე ვარ გათიშული, რომ პასუხებსაც ვერ ვცემ. არადა, ვხედავ , რომ ბავშვებს ძალიან უნდათ ჩემთან ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ და საჭირო დროსაც ვერ ვუთმობ, ვხედავ რომ ძალიან ვჭირდები, მათ მამა ძალიან ენატრებათ.01

ოჯახისთვის ცოტა დრო მაქვს და ეს ძალიან მაწუხებს. ამას წინათ ერთ წიგნში წავიკითხე, რომ მამას ბავშვებთან ურთიერთობის სიამოვნება 15-16 წლამდე აქვს, შემდეგ შვილები გაიზრდებიან და ვგრძნობ, მომენატრება ის მომენტი, როდესაც მოდიოდნენ, მეხუტებოდნენ და ჩემთან საუბარი უნდოდათ, როგორც ავტორიტეტთან. მერე მე უკვე მათთვის ასეთი საინტერესო აღარ ვიქნები”, – აცხადებს დავით მჭედლიშვილი და მშობლებს შვილებთან მაქსიმალურად დიდი დროის გატარებას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები