მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღე და ორი ამბავი ჟურნალისტის ვირტუალური წიგნიდან – „მარტოობის ასი მეგაბაიტი“
22 თებერვალი მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღეა. ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი სოციალურ ქსელში პოეტის მიერ მოთხრობილ ორ ამბავს იხსენებს.
„22 თებერვალს არაჩვეულებრივი პოეტი და კიდევ უფრო არა – ჩვეულებრივი ეს ადამიანი დაიბადა. ბედნიერებაა, რომ მას პირადად ვიცნობდი. მისგან გაგონილ ორ ამბავს გავიხსენებ ჩემი ვირტუალური წიგნიდან – „მარტოობის ასი მეგაბაიტი“. ვიცი, დაგაინტერესებთ.
მე და თამრიკო ოქრუაშვილი მას ხშირად ვსტუმრობდით ლესელიძის ქუჩაზე, სადაც საოცარ ისტორიებს ვისმენდით (მაშინ საქართველოს რადიოში ვმუშაობდით). ეს იყო მოგონებები, რომელსაც დიქტოფონის გარეშე გვიზიარებდა და ჩვენც პატივად ვთვლიდით ისინი მოგვესმინა. ბატონ მიშას აქვს საოცარი ლექსი „იუდას მონოლოგი”.
ერთ დღეს, პოეტმა ამ უცნაური ლექსის დაწერის საბაბიც გაიხსენა. ეს ისტორია მის დედას უკავშირდება: „საოცარი დედა მყავდა. ომის დროს, ერთხელ, ნავთის მოსატანად გამიშვა პლეხანოვზე, სადაც ცხენებშებმულ ურემზე, ბიდონებიდან ნავთს ტალონებით არიგებდნენ. მივედი, ვხედავ ბევრი ხალხია. ჩემი რიგი რომ მოვიდა, ნავთი ჩამისხეს, მაგრამ იმ კაცს ტალონის მოხევა დაავიწყდა. როცა დედას ეს ამბავი ვუთხარი, გამიბრაზდა: იმ კაცს შენს გამო ნავთი დააკლდება, ახლავე უკან მიბრუნდი და ტალონი მოახევინეო. მეც მივბრუნდი, ვხედავ, ისევ ბევრი ხალხია. იმ კაცამდე ძლივს მივედი. როცა ჩემი დაბრუნების მიზეზი გაიგო, გაოცებულმა მკითხა: ვინ გამოგიშვა ჩემთანო? ვუთხარი დედამ-მეთქი. მან ტოლჩა ძირს დაახეთქა და მითხრა: ახლა წადი, ჭურჭელი მომიტანე, კიდევ უნდა ჩაგისხა ნავთიო! აი, ასეთ დედას სიმსივნე დაემართა. მე ყოველ დღე მივდიოდი ეკლესიაში და ღმერთს ვეხვეწებოდი – გადამირჩინე- მეთქი. ბოლოს ძალიან ცუდად იყო და მალე, გავიდა კიდეც ამ ქვეყნიდან. ამის მერე სიონში მივედი და ღმერთს ვუთხარი: ძალიან გაბრაზებული ვარ და შენთან არასოდეს მოვალ-მეთქი.
როცა „იუდას მონოლოგი“ დავწერე, ეს ლექსი პოლონურად თარგმნეს და პოლონეთში მიმიწვიეს. იქ ჩასულს გადმომცეს, რომ ადგილობრივ სასულიერო პირს უთქვამს: იქნებ, ამ ლექსის ავტორი ჩემთან მოვიდესო. როცა მივედი, მკითხა: რამ გიკარნახა ამ ლექსის დაწერა, რის მერე დაწერეო? მეც მოვუყევი ის ამბავი რაც დედას შეემთხვა, მაშინ მოძღვარმა მითხრა:
– ღმერთზე რომ გაბრაზდი, მან ეს გაპატია.
– თქვენი მოვალეობა რა არის-მეთქი?- ვკითხე.
– წინა კვირას, აქ, პატარა ბავშვი გაიტანა მანქანამ და დედამისი თავს იკლავდა. არ ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა, მაგრამ როცა მასთან მივედი, ვგრძნობდი, რომ ვიღაც (ალბათ ღმერთს გულისხმობდა), საჭირო სიტყვებს მკარნახობდა. მთელი საათი ველაპარაკე იმ ქალს და მან თავის მოკვლა გადაიფიქრა. აი, ეს არის ჩემი მოვალეობაო“.
* * *
მორიგი ამბავიც მასთან სტუმრობის დროს გაიხსენა:
„მაშინ იურმალაში ვიყავი, ერთ საღამოს ალკოჰოლი ცოტა ზედმეტად მივიღე და ყველანაირი უსაქციელობა ვიკადრე. ბოლოს ძალიან ცუდად გავხდი. მე-15 სართულზე ვიყავი, ვიფიქრე, მიწაზე მაინც მოვკვდე მეთქი და ქვემოთ ჩავედი. ზღვის სანაპიროზე ერთი სკამი ძლივს ვიპოვე და ჩამოვჯექი. გული მქონდა ისე ცუდად, რომ შემეშინდა, ალბათ ვკვდები-მეთქი. უცებ მაღლა ავიხედე და გავშრი: საოცარი ცა იყო, ულამაზესი, ვარსკვლავებით მოჭიქული. აი, მაშინ ვიფიქრე: აქეთ ამხელა ზღვა ღელავს, თავზე ასეთი ცა გახურავს და მიშა ქვლივიძე, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ-მეთქი?! – ამის მერე ეგრევე მომეშვა გულზე და ნელა-ნელა ამოვისუნთქე“.
მისი მოყოლილი ამბები რადიოსთვის არასოდეს ჩაგვიწერია. ჩვენ მიმართ იმდენად უშუალო დამოკიდებულება ჰქონდა, რომ არ გვინდოდა მასთან სტუმრობა ჟურნალისტურ ვიზიტად ჩაეთვალა. ტრაბახი არ უყვარდა, მოგვიანებით გავიგეთ, რომ ბულატ ოკუჯავამ ცნობილი სიმღერა „Виноградная косточка” თურმე მიშა ქვლივიძეს მიუძღვნა. რუსეთში წლობით მცხოვრები კაცი ბარბარიზმებს არასოდეს იყენებდა და სუფთა ქართულით საუბრობდა. უნაკლო რუსულის მცოდნე პოეტმა ლექსების წერა მშობლიურ ენაზე დაიწყო („მარტოობის ასი მეგაბაიტით“. გოგნიაშვილი).
– იმიერში გაუმარჯოს პოეტს, რომლის სიტყვაც ძალიან დააკლდა ქართულ პოეზიას და რომელიც საკუთარი თავის გარდა, არავის ჰგავდა“! – წერს თეონა გოგნიაშვილი.