ჯანელიძე დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატზე: განსაზღვრულია ყველა ნაბიჯი, თუ როგორ უნდა მოხდეს ორი უწყების გაერთიანება

“განსაზღვრულია ყველა ნაბიჯი, თუ როგორ უნდა მოხდეს ორი უწყების გაერთიანება და შესაბამისად, ამ ნაბიჯის უფრო ეფექტურად გადადგმა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკისთვის დიასპორის მნიშვნელობას და საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა დაასახელა.
”ხაზი მინდა გავუსვა დიასპორის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც შიდა პოლიტიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში და იმ პროექტებს, რომელიც ხორციელდებოდა ამ მიმართულებით მთავრობისა და სახელმწიფო აპარატის მიერ.
სიტუაციამ აჩვენა, რომ ძირითადი ადრესატი ამ საკითხების ყოველთვის არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის ინიციატივები, რომლებიც ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან დაინერგა,  ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ჩვენ, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ურთიერთობებისა და კავშირების ასამაღლებლად დიასპორასთან, ასევე იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც დიასპორას აწუხებს, ასევე იმისთვის, რომ მოხდეს სახალხო დიპლომატიის გასაძლიერებლად მათი საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართვა, მნიშვნელოვანია ამ რესურსების გაერთიანება. მსჯელობა ამ საკითხზე მიმდინარეობდა, შესაბამისად, ეს არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება. განსაზღვრულია ყველა ნაბიჯი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორი უწყების გაერთიანება და შესაბამისად, ამ ნაბიჯის უფრო ეფექტურად გადადგმა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები