მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, ყველა საელჩოში პროგრამა „საქართველო გელოდებათ“ დაინერგება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დაინერგება ინიციატივა „საქართველო გელოდებათ“, რომლის ფარგლებშიც, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და შესაბამის დახმარებას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე – ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე, საინვესტიციო გარემოზე და ა.შ. აღნიშნული ინიციატივა საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოს დონეზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტებში დიასპორის ჩართულობას და მათ რეინტეგრაციას.
დიასპორის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიურ ჩართულობას დიასპორასთან კომუნიკაციის და მათთვის დახმარების აღმოჩენის საკითხში. მისივე ინფორმაციით, საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება სპეციალური „ცხელი ხაზი“.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომლებთან გამკლავებაც თქვენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში გიწევთ. უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, მყისიერად აცნობონ სამინისტროს თავის პრობლემებზე, ასევე, ოპერატიულად მოხერხდეს მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების მოძიება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები