„7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს“

სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ და ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა პარლამენტის თანხმობა, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს 7 ნოემბრის დაა ტელეკომპანია “იმედის” დარვების საქმის განხილვის შემდეგ განუცხადა.
პროკურორმა შტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას მიერ მიცემული ჩვენების დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.
„დღეს დაიკითხა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და მისი მოადგილეები. მათ დაადასტურეს, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ და ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა პარლამენტის თანხმობა და ჯერ არ იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. დადასტურდა დღევანდელ პროცესზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა დაარღვია კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, კანონი თავდაცვის შესახებ და ფაქტობრივად მან უგულებელყო ყველა კანონი, რომელიც არეგულირებდა ჯარის გამოყენებას და მან ამით ჩაიდინა დანაშაული.
“ეს ქმედება არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი როგორ შეიძლება გადაამეტოს თანამდებობის პირმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას”, – განაცხადა პროკურორმა.
ბრალდების შუამდგომლობით, დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურორმა შუამდგომლობის მიზეზად თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა დაასახელა, რომელთა ჩვენებებიც, მისი თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები