რა ხდება მაშინ, როცა “სითი პარკის“ ჯარიმას ხელს არ ვაწერთ – როგორ აგებინებენ პასუხს “ურჩ მძღოლებს”

“სითი პარკის” მიერ პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემულ ჯარიმებთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემულ 10-ლარიანი ჯარიმას არ ჩაიბარებენ (ხელს არ მოაწერენ) ისინი ამით თავს აარიდებენ გადასახადს.
“კვირა“ დაინტერესდა, როგორ მოქმედებს კანონი მაშინ, როცა ჯარიმის ადრესატი ჯარიმის ფურცლის მიღებას ხელმოწერით არ დაადასტურებს.
როგორც “კვირას“ “სითი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა, თუ ადრესატმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე, მის მიმართ კანონმდებლობის თანახმად იწყება იგივე პროცედურები, რაც ჯარიმის ფურცელზე ხელმოწერის შემთხვევაში – მძღოლს ჯარიმის გადახდისთვის ეძლევა 30 დღიანი ვადა. იმ შემთხვევაში თუ 30 დღის ვადაში ის არ გადაიხდის ჯარიმის ოდენობას, მას ეკისრება საურავი და თანხა იზრდება 150 ლარამდე.15086276_542509095955278_1398259355_n
ამის შემდეგ საურავისა და ჯარიმის სულ 160 ლარის გადახდისთვის, მძღოლს ეძლევა დამატებითი 30 დღიანი ვადა, თუ მოქალაქე ამ ვადის შემდეგაც არ გადაიხდის თანხას, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
ჯარიმის ფურცლის ჩაბარების უფლებამოსილება აქვს დაჯარიმებული მძღოლის ოჯახის წევრსაც, იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ჯარიმის ჩაბარებაზე, რამდენიმე დღის შემდეგ ჯარიმის ფურცელი კვლავ მიდის დაჯარიმებული მძღოლის იურიდიულ მისამართზე. ამის შემდეგ თუ მძღოლის ოჯახის წევრი უარს აცხადებს ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე, დამრღვევის მიმართ იწყება კანონით გათვალისწინებული პროცედურები და მას ეძლევა 30 დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად.
„ჯარიმის ფურცლის არ ჩაბარება არ არის პასუხისმგებლობის მოხსნის მექანიზმი. ამით კანონდამრღვევი მაინც ვერ შეძლებს დაემალოს სახელმწიფო გადასახადს და ჯარიმის აღსრულებას.
დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადებს და წესებს განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლი. ეს არ ეხება მხოლოდ შპს “სითი პარკის“ მიერ გამოწერილ ჯარიმებს. ოჯახის წევრის მხრიდან ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მეორედ უნდა მივიდეს ფოსტის წარმომადგენელი დაჯარიმებული პირის იურიდიულ მისამართზე, რადგან შესაძლებელია, რომ დაჯარიმებულის ოჯახის წევრს, ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს. ამიტომ პირველ ჯერზე უფლება აქვს განაცხადოს უარი, ფოსტის წარმომადგენელს ვალდებულება აქვს, რომ მისამართზე მისი პირველი მისვლიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ – რამდენიმე დღეში მეორედაც მიიტანოს ქვითარი. მეორე მისვლის შემდეგ ოჯახის წევრის მხრიდან ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე უარის თქმა აღიქმება, როგორც გააზრებული, წინასწარ განზრახული ქმედება, რომელიც თავის არიდების მიზნით არის ნაკარნახევი. თუ ოჯახის წევრი მეორედაც უარს იტყვის ჩაბარებაზე, ამის შემდეგ იწყება 30 დღიანი ვადის ათვლა ჯარიმის გადახდისათვის“, – განუცხადა “კვირას“ „სითი პარკის“იურისტმა.
“კვირა“ დაინტერესდა, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ავტომფლობელი ამბობს, რომ არც მას და არც მისი ოჯახის წევრს არ ჩაუბარებია ჯარიმის ქვითარი, თუმცა მისთვის გამოწერილ ქვითარზე არსებობს ხელმოწერა, ან თუ მოქალაქე აცხადებს, რომ არც მას და არც მისი ოჯახის წევრს საჯარიმო ფურცლის ჩაბარებაზე უარი არ უთქვამთ.
„ადამიანები, რომლებიც მიდიან დაჯარიმებული მოქალაქეების მისამართებზე და მიაქვთ შესაბამისი ფურცლები, არ არიან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები, ისინი არიან სხვადასხვა ფოსტის მიერ დაქირავებული მუშაკები. იმ შემთხვევაში თუ ადრესატი არ 15129972_542509585955229_688685490_nეთანხმება ხელმოწერილ ან ხელმოუწერელ დოკუმენტს, მაგალითად თვლის, რომ ხელმოწერა გაყალბებულია, ჩვენი რჩევა და მოწოდებაა, რომ მიმართოს პოლიციას. დოკუმენტის გაყალბება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით, ვერც ჩვენ და ვერც ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ვერ დავადგენთ დოკუმენტის სიყალბეს, რადგან ჩვენს კომპეტენციებს სცდება და ექსპერტიზის ჩატარების საშუალება არ გვაქვს. როცა მოქალაქეები უარს ეუბნებიან ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე ფოსტალიონებს და არ აძლევენ მათ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ფოსტალიონი მას აღწერს ვიზუალურად, ჩაცმულობით.
თუ მოქალაქეს ეჭვი ეპარება დოკუმენტის ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით ან სხვა მხრივ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ან საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში, ფოსტალიონის მოწმედ დაკითხვა და ასევე აღწერილი პირის მიყვანა და დაკითხვა ხდება. თუ მათი ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ მათ შორის ვიღაც იტყუება. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ასეთი საქმეც გადაიგზავნოს პოლიციაში იმის გამოსაკვლევად თუ ვის მიერ ხდება ცრუ ჩვენების მიცემა“, – აცხადებენ “სითი პარკში”.
მძღოლები არცთუ ისე იშვიათად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ მათთვის არც დაჯარიმების და არც საურავის შესახებ არ უცნობებიათ.
“სითი პარკში“ აცხადებენ, რომ გამოწერილი ჯარიმის ერთი ეგზემპლარი იგზავნება დაჯარიმებულის იურიდიულ მისამართზე, მეორე ეგზემპლარი კი ავტომობილის მძღოლის მანქანის საქარე მინაზე რჩება. მათივე განცხადებით, ასევე არსებობს ვებგვერდი, ცხელი ხაზი, რომელთა მეშვეობითაც მათ შეუძლიათ შეიტყონ აქვს თუ არა ჯარიმა. მათ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მობილური ტელეფონის ნომერზე მიუვა ინფორმაცია ჯარიმის და ამ ჯარიმის გადახდის ვადების შესახებ.
როგორც ცნობილია, 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ავტომფლობელმა 150-ლარიანი ჯარიმაც თუ არ გადაიხადა, საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სწორედ აღსრულების ბიურო იწყებს „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას.15135647_542820312590823_759147710_n

როგორც “კვირას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუმარტეს, სააღსრულებო მოქმედებების ფარგლებში, ხდება მოვალის გაფრთხილება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ამასთანავე, მოვალე რეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში და იწყება მისი ქონების მოძიება და დაყადაღება.
„აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სთავაზობს განწილვადების სერვისს. მოვალეს აქვს უფლება, მოითხოვოს თანხის განწილვადება რამდენიმე თვეზე სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. სერვისი ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობით, ხოლო სხვა საქმეებზე – კრედიტორის თანხმობით“, – განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები