ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბოლნისისა და დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოების, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გამგეობების, საკრებულოების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ბოლნისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების: ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყაროს“, ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო-საზოგადოებრივი ცენტრის“, ,,ქალთა ინიციატივების“, ,,ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის“, ,,ახალგაზრდული ხედვა კავკასიას“ და ,,დედების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა და ბოლნისის რაიონულმა პროკურორმა დავით კოჭლამაზაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემებზე. დამსწრე პირებმა იმსჯელეს ბოლნისისა და დმანისის რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს.
პროექტის მიზანია ბოლნისის და დმანისის რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები