10 თვის ჩვილის ცემისთვის დაკავებულ ძიძას 1000 -ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 თვის ჩვილი გოგონას ცემის ფაქტზე დაკავებულ ძიძას გირაო შეუფარდა. ამის შესახებ  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ ელენე ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში, ბრალდებული გათავისუფლდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან. სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად, დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსნებთ, რომ 10 თვის გოგონას ცემის ბრალდებით 60 წლის ქალი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილ გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები