მოძალადე ძიძის ამოცნობის მეთოდები – რას სთავაზობს მშობლებს ფსიქოლოგი

თბილისში, ძიძის მიერ 10 თვის ჩვილი გოგონას ცემის ფაქტმა საზოგადოება, განსაკუთრებით კი დედები აღაშფოთა.
სოციალურ ქსელში არ წყდება მსჯელობა, როგორ და რა პრინციპით უნდა შეირჩეს ძიძა, რომ ერთ დღეს ძალადობის ობიექტი ჩვენი შვილიც არ აღმოჩნდეს.
სახლში სათვალთვალო კამერების არარსებობის შემთხვევაში, რთულია იმის დადგენა, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე ძვირფასს ვანდობთ, ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს საკითხის გადაჭრას და ამის გამოაშკარავება კიდე უფრო რთულია,  თუ ბავშვმა ლაპარაკი ჯერ არ იცის.
თუმცა არის მეორე უკიდურესობაც, შესაძლოა, ბავშვი იმ ასაკში იყოს, რომ ლაპარაკი შეეძლოს, თუმცა ძიძის მიერ დაშინებული, მშობლებს არ უტყდებოდეს, რომ ძიძა მის მიმართ აგრესიას ავლენს და ძალადობს.
“კვირა“ აღნიშნულ საკითხზე ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ “სტიმულის“ ხელმძღვანელი დიანა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.
დიანა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ პატარა ასაკში, მეტიც, მუცლადყოფნის პერიოდშიც კი, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობა შემდგომ ნეგატიურად იჩენს თავს.
ფსიქოლოგი იმ ეფექტურ მეთოდებზე  საუბრობს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია შვილი გამოვტეხოთ, რომ ძიძას მასთან აგრესიული დამოკიდებულება აქვს.
“10 თვის ასაკში ბავშვის ცემას სამომავლოდ, მისი ზრდასრულობის ასაკში, შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს, ყველაფერი ილექება ცნობიერში და შემდგომ ხდება ამის გამოვლინება. 10 თვის ასაკში კი არა, მუცლადყოფნის პერიოდში მიღებულმა სტრესმაც შეიძლება იჩინოს თავი შემდგომ პერიოდში. ძიძის შერჩევისას, ბევრ ფაქტორს უნდა მიექცეს ყურადღება. პირველ რიგში, პიროვნება, რომელსაც ვანდობთ ჩვენი შვილის მოვლას, უნდა იყოს გაწონასწორებული, არ უნდა იყოს ზედმეტად ემოციური. სასურველია, ძიძის შერჩევისას ოჯახმა სხვა ოჯახებში ნამუშევარი ძიძა აიყვანოს, რომელსაც დადებით რეკომენდაციას აძლევენ ნაცნობები. რაც შეეხება სააგენტოებს, როდესაც სააგენტო უშვებს ძიძას, ფაქტობრივად, პასუხისმგებელი სააგენტოა. თუ სააგენტო კეთილსინდისიერია და ბაზარზე რამდენიმე წელია მოქმედებს, სავარაუდოდ, რეპუტაციას არ შეილახავს და ცუდ ძიძას რეკომენდაციას არ გაუწევს.
ასევე, სასურველია სახლში, სადაც ძიძა და ბავშვი არიან, კამერა იყოს დამონტაჟებული და მშობელს შეეძლოს შემოწმება, როგორ ეპყრობა ბავშვს ძიძა, იმიტომ, რომ ძალიან ხშირია ბავშვებზე ძალადობის ფაქტები. კარგი იქნება, თუ ძიძა გაივლის ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით ტრენინგს, ამით მოახერხებს სწორად მიუდგეს ბავშვს და იპოვოს ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც მას ძალიან მშვიდად აუხსნის ყველაფერს. ბავშვებს არ სჭირდებათ არც ყვირილი, არც ცემა და არც დასჯა, თუმცა შეიძლება ძიძას 10 ტრენინგი ჰქონდეს გავლილი, მაგრამ ვერ ახერხებდეს მიღებული ცოდნის რეალიზებას ბავშვთან ურთიერთობისას. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა შვილი მშობელს ვერ უტყდება, რომ მასზე ძიძა ძალადობს, ამ მხრივ მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რათა ბავშვმა სიმართლე თქვას. ერთი ასეთი არის ზღაპრის თერაპია: ბავშვს ვუყვებით ზღაპარს, ზღაპრის სცენარი უნდა იყოს ჩვენი ოჯახის რეალობასთან მიახლოებული, თუმცა ბავშვი არ უნდა მიხვდეს, რომ ჩვენზე ვყვებით, უნდა დავიწყოთ ზღაპრის მოყოლა და ბავშვს უნდა ვთხოვოთ, გააგრძელოს იგი, დავაკვირდეთ როგორ გააგრძელებს ზღაპარს, როგორ განავითარებს ძიძის და ბავშვის ურთიერთობას – ჰარმონიულად თუ აგრესიულად.
არის კიდევ ერთი მეთოდი – რბილი სათამაშოების გამოყენებით. ასე მაგალითად, თითოეულ სათამაშოს უნდა მიენიჭოს როლი, მაგალითად, დათუნია არის შვილი, ზებრა არის დედა და ძაღლი – ძიძა. ბავშვს ვეუბნებით, რომ ზებრა ანუ დედა წავიდა სამსახურში და ვეკითხებით, როგორ ითამაშებენ ძიძა ანუ ძაღლი და დათვი ანუ თავად ბავშვი. პატარა თამაშში იმ სცენარს გამოიყენებს, როგორიც ყოველდღიურობაში აქვთ მას და ძიძას, გამოიკვეთება ან პოზიტივი ან ნეგატივი. თუ ძალადობას აქვს ადგილი, აუცილებლად ჩასვამს ამ ვარიანტსაც მონაყოლში. ზოგადად, ბავშვებს უჭირთ საკუთარ თავზე საუბარი და ამ ხერხებით არსებობს დიდი ალბათობა, გავიგოთ როგორია რეალობა“, – განუცხადა “კვირას“ დიანა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ 10 თვის გოგონას ცემის ბრალდებით 60 წლის ქალია დაკავებული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილ გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები