ერთ დღეს დაღუპული ორი ჩვილი და ექიმი, რომელმაც მეოთხე მშობიარობა ფატალურად დაასრულა – „მედ ალფა“ სკანდალში გაეხვა

სამედიცინო კლინიკა „მედ ალფა“ მორიგ სკანდალში ეხვევა. გარდაცვლილი ახალშობილების სტატისტიკა აღნიშნულ კლინიკაში, საგანგაშოა. როგორც ირკვევა, „მედ ალფას“ ოზურგეთის ფილიალში ერთ დღეში ორი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ სტატიას დღევანდელ ნომერში გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას, დოლიძეების ოჯახი, ექიმის დაუდევრობას უკავშირებს და სამშობიარო ბლოკის მორიგე ექიმ მაყვალა ინწკირველისთვის სამედიცინო საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როცა აღნიშნულ ექიმს ახალშობილი ეღუპება.
ოფიციალური ინფორმაციით, ახალშობილის გარდაცვალების ფაქტი გურიაში, კერძოდ, ქალაქ ოზურგეთში „მედ ალფას“ სამედიცინო კლინიკაში დილის 6 საათზე დაფიქსირდა. ოჯახის წევრები ახალშობილის სიკვდილს მორიგე ექიმის უყურადღებობას აბრალებენ. „პრაიმტაიმს“ მომხდარის დეტალებზე მშობიარე ხატია ჟორჟოლიანის ნათესავი თამარ დოლიძე ესაუბრა.
„გოგონას ღამის პირველ საათზე ასტკივდა მუცელი. მანამდე მისი მკურნალი ექიმი 9 თვის განმავლობაში, მანანა კვიპრაძე ამბობდა, რომ გადასარევი ორსული იყო და არავითარი პრობლემა არ ექნებოდა არც მშობიარობის დროს. როცა უკვე მე-9 თვეში იყო, კონსულტაციაზე უთხრა, მენჯი გაქვს იმაზე წვრილი, ვიდრე უნდა გქონდესო. ახლა მორიგე ექიმთან რომ ახვალ, სავარაუდოდ, გეტყვის, რომ საკეისრო დაგჭირდებაო. ეს თქვა მანანა კვიპრაძემ.
მართლაც მასე იყო რეალურად. მუცელი ასტკივდა, მოიყვანეს პირველ საათზე, წყლები დაღვარა, მშობიარობის პროცესი დაიწყო ოთხ საათზე, ექვს საათამდე მისთვის ხელი არავის მოუკიდია. აი, აბსოლუტურად არავინ არ მიჰკარებია გამთენიის 6 საათამდე. შემდეგ ექთანმა შემთხვევით ნახა, რომ ჭიპლარი ჰქონდა გარეთ გამოსული და მაშინ ატეხეს განგაში. ძლივს გააღვიძეს ქირურგი, ვინც საკეისრო გააკეთა. მოიყვანეს ეს ნახევრად მძინარე ექიმი, სასწრაფოდ გაუკეთეს საკეისრო და ქირურგმა თქვა: ოპერაციის დროს ბავშვის პულსს ვსინჯავდი, ნელ-ნელა ეცემოდა და როდესაც ბავშვი ამოვიყვანე, ბოლოჯერ ამოისუნთქა და გული გაუჩერდაო. ეს იყო ექიმების ბრალი. ეს იყო მორიგე ექიმის მაყვალა ინწკირველის დანაშაული, რომელმაც ჯერ თავიდან მშობიარობა დაუპირა და შემდეგ რომ ვეღარ ამშობიარა, ჩამოჯდა და ელოდებოდა რაღაცას, ოღონდ არ ვიცი, რა შეიცვლებოდა.
მშობიარეს როგორ უნდა ემშობიარა, თუ წყალი დაღვარა და ბავშვი ისე იყო მუცელში უწყლოდ და უყველაფროდ, ეს გამორიცხული იყო. მან თავი არ შეიწუხა. მაყვალა ინწკირველი მორიგე ექიმი იყო, რომელმაც ბუნებრივად ვერ ამშობიარა და მერე, უბრალოდ, მშვიდად იჯდა, როგორც ჩემი რძლის დედა და ჩემი რძალი მეუბნებიან… მშვიდად იჯდა მაყვალაო და რომ ვეუბნებოდი, ახლა უფრო მეტად მტკივაო, ყურადღება არ მომაქციაო. მერე ჩემს რძალს უთქვამს, ტუალეტში გავალო, იმას კიდევ, სანამ არ გაგსინჯავ, არ წახვიდეო. გასულა პალატიდან, მერე შემოვიდა ვიღაც ექთანი და ნახა, რომ ჭიპლარი გარეთ იყო გამოსული, მერე სასწრაფოდ დაიგეგმა და გაუკეთდა საკეისრო, თუმცა ბავშვი გარდაიცვალა.სიკვდილით დასჯა არ არის, თორემ დიდი სიამოვნებით მოვითხოვდი“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დოლიძემ.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოკითხული არიან ახალშობილის ნათესავები, კლინიკა „მედ ალფას“ სამედიცინო პერსონალი კი ამ დრომდე არ დაკითხულა.
ოჯახის ინფორმაციით, ახალშობილის დედამ, 23 წლის ხატია ჟორჟოლიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბავშვი გარდაცვლილია.
„პრაიმტაიმი“ კლინიკა „მედ ალფას“ დაუკავშირდა, სადაც გამოცემის ზარებს არ უპასუხეს. მოგვიანებით, გამოცემა მორიგე ექიმს დაუკავშირდა, რომელსაც ოჯახი ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს. მაყვალა ინწკირველმა განაცხადა, რომ შეუძლოდ ყოფნის გამო „პრაიმტაიმის“ კითხვებს ვერ უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები