პეტრე იონოვი: ოდესელებმა სააკაშვილს „დავაი დასვიდანია“ უმღერეს

„ოდესელებმა სააკაშვილს „დავაი დასვიდანია“ უმღერეს!“ – ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი პეტრე იონოვი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც იონოვი გამოცემასთან აღნიშნავს, ოდესელები იმედოვნებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესაში კორუფციას დაამარცხებდა, თუმცა თავადვე დიდ კორუფციულ გარიგებებში აღმოჩნდა. მისი თქმით, ოდესელებმა თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის შესახებ მოარული ხმები ჭორად მიიჩნიეს. თუმცა, მოგვიანებით დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური სიმართლე აღმოჩნდა. იონოვის ინფორმაციით, მიხელ სააკაშვილმა ოდესაში 300 ჩინოსანი სამსახურიდან გაათავისუფლა. თუმცა, მისივე თქმით, აშკარა გახდა, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის დაპირებების სატყუარა გახდა.
„სააკაშვილის მოსვლამდე ოდესის ოლქი უკრაინაში მოწინავედ ითვლებოდა, მესამე ადგილი ეკავა, ახლაც მესამე ადგილზე ვართ, ოღონდ სიის ბოლოდან! კონკრეტული ციფრები ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელში ოდესის ოლქის ეკონომიკა მთლიანად გაპარტახდა! პირველად სააკაშვილის მამხილებელი საჯარო განცხადებებით უმაღლესი რადის დეპუტატი დიმიტრი გოლუბოვი გამოვიდა. მან გაუმჟღავნა უკრაინელ საზოგადოებას, რომ სააკაშვილი უკრაინელი მებრძოლების დახმარებით ფონდში მოზიდულ თანხებს პირადი კომფორტის მოსაწყობად იყენებდა, რაც კორუფციის ტიპური მაგალითი იყო,“ – ამბობს ინტერვიუში იონოვი.
მისი თქმით, მას სირცხვილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები შეიფარა, მათ სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობები უბოძა და სააკაშვილი კი, პოროშენკოს საჯაროდ ლანძღავს.
„უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ დევნილი სააკაშვილი შეიფარა, მაღალი თანამდებობები ჩამოურიგა მას და მის ამფსონებს. სააკაშვილი კი საჯაროდ ლანძღავს მას. უკვე ვიცით, რომ ეს მისი შაბლონია. ვინც სააკაშვილს აკრიტიკებს, იმათ რუსეთის აგენტად, ოლიგარქების ხელისბიჭად ან კორუფციაში ჩაძირულად აცხადებს. თავი ისე უჭირავს, თითქოს მის გარშემო ყველა ტყუის! ამჟამად სააკაშვილს ოდესაში რეიტინგი საერთოდ აღარ გააჩნია, ოდესელებმა მისი ნამდვილი სახე დაინახეს. თავიდან ბოლომდე კორუფციაშია ჩათრეული! ეჭიდება მხოლოდ ისეთ პროექტებს, საიდანაც პირადი სარგებლობის გამოდნობას ახერხებს. შეუსრულებელ პირობებს კი შემდეგ ლაყბობით და დემაგოგობით ფუთავს! დაგვპირდა ევროპული დონის ავტობანს ააშენებდა, ჩინეთიდან უკრაინამდე და სინამდვილეში მდარე ხარისხის გზა მივიღეთ,“ – აცხადებს ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, ოდესელებმა იზეიმეს და „დავაი დასვიდანია“ უმღერეს.
„სააკაშვილს უკრაინაში აღარავინ აღიქვამს სერიოზულ ფიგურად. მასზე ხალხი იცინის, შარლატანს, გასტროლიორს და კლოუნს უწოდებენ. ის შეიძლება კინოში გადაიღონ, მაგრამ ეჭვი მეპარება, სადმე ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამკვიდრება ოდესმე კიდევ მოახერხოს! ოდესელები ამ ამბავს ზეიმით შეხვდნენ. ქალაქში სუფრა გაიშალა. ხალხმა მწვადი და ღვინო მიირთვა. გამოფინეს ლოზუნგი: შენ გამოგაგდეს საქართველოდან, ახლა ოდესიდანაც გაგაპანღურეთ! რეპროდუქტორებში მაღალ ხმაზე ჩართეს სიმღერა „დავაი დასვიდანია“ . ამან სააკაშვილი ისე გაამწარა, რომ ხალხს სატელევიზიო გამოსვლაში წყევლა დაუწყო. ამ წყევლამ ოდესელები კიდევ უფრო გაახალისა!“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი პეტრე იონოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები