ზურაბ აბაშიძე: რუსმა ტურისტებმა, საქართველოში ყოფნისას, ჩვენი კანონმდებლობა უნდა გაითვალისწინონ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე “როსტურიზმის” ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსმა ტურისტებმა, საქართველოში ყოფნისას, საქართველოს კანონმდებლობა უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

„ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლისათვის გამონაკლისი ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშნული განცხადების იმ ნაწილს, რომ საქართველოში მოგზაურობისას რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები ამ კუთხით. მთავრობის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილია მართლაც კომფორტული, უსაფრთხო გარემო, ამას აღნიშნავენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე თავად უცხოელი ტურისტები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “როსტურიზმის” ხელმძღვანელის მრჩეველმა განცხადება გაავრცელა. განცხადების შესაბამისად, რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურისტებს საქართველოში არსებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დაგეგმვისას აქტუალური რისკები გაითვალისწინონ. – ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” საუბრისას “როსტურიზმის” ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევამ განაცხადა.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა “როსტურიზმს”გაფრთხილებით რისკების შესახებ, რომლებთანაც დაკავშირებულია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები და ურჩია ამ ინფორმაციის ტურისტული ბიზნესისა და ტურისტებისთვის მიწოდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში ტურისტული ნაკადი გაიზარდა”, – განაცხადა სერგეევამ.
სერგეევამ აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობები.
როგორც “რია ნოვოსტი” აღნიშნავს, საქართველოში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი” მოქმედებს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული უცხოელებისთვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.
2015 წელს ამ კანონის საფუძველზე რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, რამდენიმე კი დააჯარიმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები