“ტრამპის პირველი განცხადებები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება”

საქართველოს აშშ-ის ძალიან მკაფიო, მყარი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერილია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო ბოლო პერიოდში, როცა დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების მხრიდან ამ მიმართულებით უამრავი განცხადება გაკეთდა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია. აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ და განვავითაროთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ თანმიმდევრული იქნება.
„ტრამპის პირველი განცხადებები, რომელიც მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააკეთა და, სადაც აღნიშნა, რომ ის მოწადინებულია, ყველა პარტნიორ ქვეყანასთან სამართლიანი და თანასწორი ურთიერთობები განავითაროს,  მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ახალ ადმინისტრაციას რეგიონში ჩვენი ფუნქცია უნდა დავანახოთ.
„საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა,  მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ძალიან სერიოზული გეოსტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გადის, სადაც ამერიკის ინტერესი არის. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ახალ ადმინისტრაციას რეგიონში ჩვენი ფუნქცია უნდა დავანახოთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები