კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი არასდროს დუმს, ის ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა

ეროვნული ბანკი არასდროს დუმს, ის ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განუცხადა.
გვენეტაძე ფიქრობს, რომ ეროვნულ ვალუტას საშუალოვადიან პერიოდში გამყარების მიმართულებები ექნება.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი კურსი და ძალიან რთულია, რომ მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს ასეთი კომენტარი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი კომენტარი დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, მოლოდინები, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული . იქნება გაუფასურებები, იქნება გამყარებები… ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას ექნება გამყარების მიმართულებები“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვენციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ განხორციელებული ინტერვენციები აბსოლუტურად მოდის შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ცენტრალური ბანკი ატარებს. მისი თქმით, ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ცენტრალურ ბანკს გასულ წლებში და ეს ხდებოდა გაცილებით მეტი მოცულობით, ვიდრე წელს გაკეთდა და აბსოლუტურად იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს.
„არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, როდესაც ამის საჭიროება იქნება, მისი გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ არა მარტო გაყიდვები გვქონდა, არამედ საკმაოდ დიდი შესყიდვებიც განვახორციელეთ, თუმცა რატომღაც ეს ყურადღების მიღმა რჩება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები