თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიხსნა

თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა.
ღონისძიება, ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.
„ყოველი მომდევნო კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ, თავისი არსებობის განმავლობაში, შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც, ორივე მხარე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
წლევანდელი კონფერენცია, რომლის დევიზია „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის“, რეკორდული რაოდენობის სტუმარს მასპინძლობს.
მის მუშაობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე, ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.
ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს განიხილავენ, წარმოადგენენ წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან, მოისმენენ ცნობილი ექსპერტების პრეზენტაციებს კიბერუსაფრთხოების თემაზე. კონფერენცია, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. წელს კონკურსში 50 პროექტია წარდგენილი, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. მათგან საუკეთესოებს კონფერენცია 15 ნომინაციაში გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები