გიგა ბუკია: მთავრობაში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის

“მე ვიცი, რომ პრემიერი კვირიკაშვილი დაიკავებს იმ ადგილს, რომელიც დღემდე ეკავა, დანარჩენი პრემიერის გადასაწყვეტია”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წევრმა „კონსერვატორმა“ გიგა ბუკიამ განაცხადა.
ბუკიას ინფორმაციით, მთავრობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
“მე ვიცი, ის, რომ პრემიერი დაუბრუნდება თავის ადგილს, დანარჩენი, რა და როგორ გადაწყდება, ყველაფერი მისი პრეროგატივაა. მე ვიცი, რომ რაიმე ძირეული ცვლილებები მთავრობაში არ არის მოსალოდნელი. ის სამინისტროები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ, ისევ გააგრძელებენ მუშაობას. ასევე ვიცი, რომ კალაძეს აქვს სურვილი მთავრობაში გადანაცვლების, თუმცა ყველაფერი გუნდური შეთანხმების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
ბუკიამ საარჩევნო სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის სისტემა, რომელსაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა, ეფექტიანი არ იქნებოდა.
„დღეს სისტემის ცვლილებას ისევ ითხოვენ ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი და რაც არ უნდა ცვლილება ყოფილიყო, ისინი ვერ გადალახავდნენ ბარიერს. თუ ჩვენ იმ სისტემას მივიღებდით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობდა 2016 წლის არჩევნების დროს, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ 60-მდე დეპუტატით იქნებოდა წარმოდგენილი, ხოლო ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, ისევ იქნებოდნენ პარლამენტს გარეთ, მოსახლეობისთვის კი არ მგონია, მისაღები ყოფილიყო 60 კაცით „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენა პარლამენტში“, – განაცხადა გიგა ბუკიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა გიგა ბუკია იმასაც აღნიშნავს, რომ სისტემის ცვლილებაზე კონსულტაციები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები