„ფრთხილად “სამძიმრებში”, გაითვალისწინეთ რომ ეს ტრამპი ამერიკელებმა აირჩიეს და არა უცხოპლანეტელებმა“

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მიერ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება.
ფხალაძე შესაბამისი შინაარსის სტატუსს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„რამდენიმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი ტრამპის პრეზიდენტობის შესახებ:
1. საქართველოსადმი ამერიკის ინტერესი გრძელვადიანია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 25 წლის განმავლობაში ყურადღება და დახმარება არც რესპუბლიკელებისგან მოგვკლებია და არც დემოკრატებისგან. რას და როგორ გამოვიყენებთ ჩვენზეა დამოკიდებული.
2. არავინ იცის როგორი პრეზიდენტი იქნება ტრამპი. ამ ადამიანს საჯარო სამსახურში არასოდეს უმუშავია. წინასაარჩევნო კამპანია და რეალური პოლიტიკური ნაბიჯები ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანი რომელმაც ცხოვრებაში რამდენჯერმე შესძლო ფეხზე წამოდგომა და ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების მოგება პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს.
3. ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რომ თუ გინდა რომ ხალხმა აგირჩიოს, ხალხთან უნდა იყო, მისი პრობლემა უნდა გესმოდეს და მის ენაზე ლაპარაკობდე! დიახ, მის ენაზე, და არა ცოტა ბომონდშიათქვეფილ, ინტელექტუალ-ყოვლისმცოდნე ზემოდან გადმოხედვით!!!!!!
4. ცოტა ფრთხილად “სამძიმრებში”ამერიკელების მიმართ. გაითვალისწინეთ რომ ეს ტრამპი სწორედ ამერიკელებმა აირჩიეს და არა უცხოპლანეტელებმა. ვიღაც შეიძლება ამერიკაში აკრიტიკებს, მაგრამ რაც შინაურისგან მისაღებია, უცხოსგან მიუღებელია. აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ინსტიტუტებს განსაკუთრებულ პატივს სცემს და მის მასხრად აგდებას უცხოს ნამდვილად არ აპატიებს.
5. დაბოლოს, ძალიან მიყვარს ამერიკა, მაგრამ ამერიკელებზე მეტად ნუ ვიქნებით მისი “ლხინისა თუ ჭირისუფლები”, ჩვენს თავს მივხედოთ!“, – წერს თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები