ექსპერტები: „ტრამპი “რუსულ რულეტკას” ჰგავს“

დონალდ ტრამპმა შეიძლება რუსეთთან მიმართებაში ძალზე სახიფათო თამაში აირჩიოს, ის ბიზნესმენია და, შესაბამისად, რისკის მომხრე. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკმა ვლადიმერ პასტუხოვმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა.
„ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაემსგავსება „ამერიკულ მთებს“ – ხან ზევით ავა, ხან დაბლა ჩამოვა, მაგრამ სწორად არასოდეს წავა. მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპი რუსეთისთვის საუკეთესო ვარიანტია. ის ბიზნესმენია და ფინანსური სარგებლის გულისთვის შეიძლება ძალზე რისკიანადაც იმოქმედოს. ამ მხრივ ბიზნესმენები მსახიობებს ჰგვანან, ხოლო პრეზიდენტმა მსახიობებმა რუსეთს კარგი არაფერი მოუტანეს (რონალდ რეიგანი). მე არა მგონია რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს კარგად გაუგებენ. შესაძლებელია ტრამპმა პუტინს ყირიმის ცოდვები დაუვიწყოს და ახლო აღმოსავლეთში ერთობლივი ოპერაციაც კი განახორციელონ. თუმცა ყველაფერი იქამდე იქნება კარგად, ვიდრე პუტინი ქვას ფეხს წამოკრავს. ამ შემთხვევაში ტრამპი არც დაფიქრდება და „პარტნიორს“ უფსკრულში გადაჩეხავს,“ აცხადებს პასტუხოვი. მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსეთისა და აზიის პროგრამების დირექტორი ნიკოლაი ზლობინი აცხადებს, რომ ამერიკა არის ყინულმჭრელი, რომლის შემობრუნებაც ძალზე რთულია. და დღეს ეს ყინულმჭრელი რუსეთისგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს.
„ტრამპს შეუძლია ჩაჯდეს თვითმფრინავში ისე, რომ საკუთარი მრჩეველებიც კი არ გააფრთხილოს და მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზე გაფრინდეს. ის რუსული რულეტკასავით არის. ასაკის მიუხედავად, დონალდ ტრამპი – დამწყები პოლიტიკოსია,“ აცხადებს ზლობინი.
მისი თქმით, კლინტონს რუსეთში ბევრად უკეთესად იცნობენ. არიან ექსპერტები, ვინც მასთან ერთად მუშაობდა. აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ანალიზს ატარებდნენ და კამათობდნენ.
„ტრამპს რუსი პოლიტიკოსები პრაქტიკულად არ იცნობენ. მას შეუძლია საგარეო პოლიტიკაში ბიზნესის სტილი შეიტანოს, სადაც მოგებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გრძელვადიან ურთიერთობებს. ამერიკა არის დიდი ყინულმჭრელი, რომელიც ახლა რუსეთისგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ტრამპმა შეიძლება სცადოს მისი შემობრუნება, ის შეიძლება პუტინს შეხვდეს, გააკეთოს განცხადებები ან მოსკოვში დელეგაცია გააგზავნოს, მაგრამ ამ უზარმაზარი გემის შემობრუნებას, ის, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ აშშ-ის კონგრესი ძალზე ანტირუსულად არის განწყობილი. ამ ორგანოს კი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს. ვნახოთ, როგორი იქნება ახალი კონგრესი. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, სრულიად დამოუკიდებლად საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ვერ შეძლებს,“ აცხადებს ზლობინი.

_92332937_036293394-1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები