“საქართველოზეა დამოკიდებული რამდენად საჭირო ვიქნებით აშშ-სთვის, რომ ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობა გააგრძელოს”

დღეს ჩვენ ვნახეთ მარტივი ტესტი იმისა, რომ დემოკრატია რეალურად მუშაობს, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
როგორც ხუხაშვილმა “კვირას“ განუცხადა, შეერთებული შტატები გლობალისტური პროექტიდან თავის ნაციონალურ ინტერესებზე ორიენტირებას იწყებს.
ექსპერტის შეფასებით, ეს გლობალისტური პროექტის დასასრულის დასაწყისია.
„პირადად ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს შედეგები, ეს არის კანონზომიერი პროცესი. სამყარო მთლიანად იცვლება. ამის პირველი ტესტი იყო ბრექსითი, ვფიქრობ, რომ პროცესმა მიიღო შეუქცევადი ხასიათი. ეს გახლავთ პროცესი, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ – გლობალისტური პროექტის დასასრულის დასაწყისი, შეერთებული შტატები გლობალისტური პროექტიდან იწყებს თავის ნაციონალურ ინტერესებზე ორიენტირებას. დღეს ჩვენ ვნახეთ მარტივი ტესტი იმისა, რომ დემოკრატია რეალურად მუშაობს, დემოკრატია არის ხალხის მმართველობა და გლობალისტური პროექტი ფაქტობრივად ეჭქვეშ აყენებს ამ მთავარ მონაპოვარს, დღეს ამერიკელმა ხალხმა პოლიტიკურ ელიტებს უთხრა უარი და თქვა: მე მინდა ვმართო ჩემი ქვეყანა. რაც შეეხება თავად ტრამპს – ჩვეულებრივი – დავარცხნილი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი ასეთ რევოლუციურ შედეგს ვერ დადებდა, მას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უწევდა გარკვეულწილად ექსცენტრიულობა, რათა დემსხვრია სტერეოტიპები. მთავარი არის ის, რომ სამყარო იცვლება მთლიანობაში, ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას და უარს ეუბნება გლობალისტურ პროექტს – სწორედ ეს არის ყველაზე დიდი რევოლუციური შემობრუნება, რაც მთლიანად ცვლის სამყაროს“, – განუცხადა “კვირას“ ხუხაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს მეტწილად საქართველოზეა დამოკიდებული.
თუმცა ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პოლიტიკა და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება.
„არა მგონია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა და დამოკიდებულება შეიცვალოს, თუმცა ეს უფრო მეტად დამოკიდებულია ჩვენზე, ვიდრე შეერთებულ შტატებზე. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად საჭირო ვიქნებით მათთვის, რომ ჩვენთან გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები