გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან უკვე სამი წელია ურთიერთობა არ მაქვს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე სამი წელია არ აქვს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, მისთვის უცნობია თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს.
„მე და ბიძინა ივანიშვილს, უკვე სამი წელია ურთიერთობა არ გვქონია. ასე რომ, ივანიშვილის თაობაზე კომენტარის გაკეთებას ნაკლებად შევძლებ, თუ რა გეგმა აქვს მას ან რა ტიპის პოლიტიკურ პროცესს გეგმავს. ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, მაგრამ ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ პროცესს – როდესაც ისიც საუბრობს და მეც ვპასუხობ. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, რომ მე მეპასუხოს.
ერთი მხრივ რომ შევხედოთ, ის პოლიტიკური ველი, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ის რა ურთიერთობაც მე მაქვს „ქართულ ოცნებასთან“ , მთავრობასთან, პარლამენტთან , არ ვფიქრობ, რომ პრობლემური უნდა იყოს ივანიშვილისთვის როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის და თვითონ მმართველი გუნდისთვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ არ არის ეს საკითხი პრობლემური.
„თუ დემოკრატიულობაზეა საუბარი და იმის ჩვენებაზეა საუბარი, რომ ყველაფერი არ იმართება ერთი ცენტრიდან და ქვეყანაში გაწონასწორებისა და ბალანსის მექანიზმები მოქმედებს, ვფიქრობ, რომ ეს კარგი ილუსტრაციაა ქართული დემოკრატიული პროცესისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად, მე ივანიშვილის მიერ ვიყავი დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად, ის აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, „ქართული ოცნება“ აქტიურად ატარებდა საარჩევნოი კამპანიას და ჩვენ მაინც მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებში ხელისუფლებას ეკამათება, გარკვეულ საკითხებზე ვეტოს ადებს, რაც თავისთავად, ქვეყანაში გაწონასწორების ბალანსის უზრუნველმყოფელია და ვფიქრობ, დადებითი მაჩვენებელია ქართული დემოკრატიის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები