გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის ჩამოსვლა ნიშნავდა, იმას, რომ არჩევნები მშვიდობიანი რეჟიმიდან უნდა გადასულიყო ექსტრემალურ პირობებში

საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა, უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, მისი საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე, საქართველოში საარჩევნო გარემოს დაძაბულობას მატებდა.
„მე ძალიან არ მიყვარს ყოფილ პრეზიდენტებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელსაც ის უკრაინიდან თუ ოდესიდან აკეთებდა, ისეთ დონემდე იყო ასული, ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოდან წარმომადგენლის დაბარება. არჩევნებამდე, ორი დღით ადრე, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლისთვის მოგვიხდა აგვეხსნა, რომ საარჩევნო პროცესში, ასეთი ჩარევა არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით აქტიურად გამოჩნდა საარჩევნო ველზე, რამაც ამომრჩეველზე იმოქმედა.
„ქართულ ოცნებასაც“ სჭირდებოდა თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია და ბუნებრივია, ასეთ საკითხებზე აკეთებდა მკაცრ განცხადებებს. ზუსტად ასევე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ სჭირდებოდა თავის ამომრჩევლის მობილიზაცია და მათი ერთ-ერთი ლიდერი ამ რიტორიკით ძალიან აქტიურად გამოჩნდა საარჩევნო ველზე. კონკრეტულად საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას. ეს არაერთხელ ითქვა. სააკაშვილის ჩამოსვლა თავისთავად ნიშნავდა, იმას, რომ არჩევნები მშვიდობიანი რეჟიმიდან უნდა გადასულიყო ექსტრემალურ პირობებში.
ბუნებრივია, არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია ნებისმიერი საზოგადოებისთვის და როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც არის ძებნილი და ჩამოდის იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ძებნილია, ჩამოდის იმისთვის კი არა, რომ პროკურატურის მიერ დაიკითხოს, ბუნებრივია ეს ავტომატურად კონფლიქტია. ასეთი თემა ძაბავს საარჩევნო ველს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები