გიორგი მარგველაშვილი: მრავალპარტიული პარლამენტია მნიშვნელოვანი და ეს ვერ შედგა

რეალურად რომ შევხედოთ არჩევნების შედეგებს, ჩვენ ვხედავთ ორპარტიულ პარლამენტს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მისი სურვილი მრავალპარტიული პარლამენტის შექმნა იყო.
„მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ პარლამენტს და იმედიც მქონდა, რომ ჩვენი არჩევნები ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა პოლიტიკური სისტემის დახვეწის თვალსაზრისით და ჩვენ მივიღებდით პოლიტიკურ სისტემას, რომლის თაობაზეც არაერთხელ მისაუბრია და ეს არის არჩევნების შედეგად მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანოს შექმნა. რეალურად რომ შევხედოთ არჩევნების შედეგებს, ჩვენ ვხედავთ ორპარტიულ პარლამენტს. ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, სადაც ისევ ორი პოლუსია წარმოდგენილი – „ქართული ოცნება“, სახელისუფლებო გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსიც“ წარმოდგენილია და მე მივესალმები ამას, მაგრამ რეალურად ძალთა ბალანსზე „პატრიოტთა ალიანსის“ მცირე რაოდენობის დეპუტატები ვერ იმოქმედებენ.
ჩვენ მივედით ამ შედეგამდე რამდენიმე წინაპირობით, საარჩევნო კამპანიამ განაპირობა ისეთი ვითარება, რომ ის სურვილები, რაც მქონდა და ვამბობდი, რომ მრავალპარტიული პარლამენტია მნიშვნელოვანი და ეს ვერ შედგა. ეს არის ადგილზე გაჩერება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით ჩატარდა.
„არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით. ვიცით, რომ იყო გარკვეული დარღვევები, იყო ინციდენტები, მაგრამ ძალადობა, ნორმალური პოლიტიკური პროცესიდან გადახვევა არ იყო სტანდარტი, არ იყო სისტემური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს შევძელით ყველამ ერთად. კეთდებოდა მკაფიო განცხადებები, მედია იყო აქტიურად ჩართული და რაც მთავარია თვითონ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კლასმა გაიაზრა, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ძალადობით და დარღვევებით ჩატარებული არჩევნები იქნება ამოვარდნა იმ ტენდენციიდან, რა მიმართულებითაც ვითარდება ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები