„ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და დავმარცხდები ან გავიმარჯვებ არა საქართველოში, არამედ – უკრაინაში”
“პოროშენკოზე უკეთესად არავინ იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან არაკორექტულია”, – ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობა საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადაწყვიტა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პოროშენკოსთვის ცნობილია, რომ მას საქართველოს არჩევნებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, რადგან უკრაინის მოქალაქეა.
„ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს. მე და პეტრო პოროშენკო პრაქტიკულად ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე საქართველოდან, ის – მოლდავეთიდან. უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ. ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ – უკრაინაში. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ მინდოდა თანამდებობიდან წასვლა, მაგრამ მან გადამაფიქრებინა. პოროშენკომ დამიყოლია რეფორმების გაგრძელების დაპირებით, უბრალოდ ახლა მე უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები არაფერ შუაშია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი გუშინ დატოვა.