უკრაინული მედია – პოროშენკო სააკაშვილის გადაყენებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა. ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ ტელევიზიას პოროშენკოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„სააკაშვილის გადაყენება ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ მისი და პრეზიდენტის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეს გადაიდება, ვინაიდან ოდესის გუბერნატორს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი. კერძოდ საუბარი იყო ოდესა-რენის ავტომაგისტრალის მშენებლობასა და ოდესის ოლქში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებაზე. ამ დაპირებებიდან არაფერი არ შესრულდა, სააკაშვილმა დასწრებაზე იმუშავა, თითქოს ის თავისი ნებით წავიდა და არავის გადაუყენებია“ – ნათქვამია პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე იქ განაცხადეს, რომ სააკაშვილის გადაყენების შესახებ ბრძანებულებას პოროშენკო ხელს ოთხშაბათს მოაწერს, როდესაც სლოვაკეთიდან დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს გადადგომის შესახებ განაცხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია, ვინაიდან მას ქვეყნის პირველი პირები, მათ შორის პრეზიდენტი პოროშენკო მფარველობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები